თეგი: რუსლან აბაშიძე

თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზუგდიდის სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ. რუხში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. თეა ახვლედიანი, ზურაბ აზარაშვილი და რუსლან აბაშიძე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ესტუმრნენ, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება. მინისტრები კლინიკის მედპერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.  საქართველოს მთავრობის წევრები ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ, ადგილზე, მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. „მიმდინარეობს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც უპირველესად მოიაზრებს ხარისხიან ჯანდაცვაზე მათი წვდომის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიმართულების შემდგომი განვითარების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც ენგურის ხიდზე შევხვდით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე და სწორედ მათ საჭიროებებზე უკეთ მორგებული სამედიცინო მომსახურების შემდგომ დახვეწას ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი მსჯელობა ადგილზე, მათ შორის რუხის მრავალპროფილური კლინიკის მედპერსონალთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ემსახურება, ძირითადად, კოვიდპაციენტების მკურნალობას, მათ შორის, ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების  უზრუნველყოფას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება - ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს,“ - წერს რუსლან აბაშიძე.