თეგი: რუსტემ უმეროვი
მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა - სტოლტენბერგი უმეროვს
თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. NATO-ის ინფორმაციით, ზამთრის დაწყებასთან ერთად, რომელიც გაართულებს ბრძოლას, უმეროვმა და სტოლტენბერგმა ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები განიხილეს. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ის იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან. გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ NATO გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, რათა უკრაინის ძალები NATO-სთან სრულად თავსებადი გახდეს და კიდევ უფრო დააახლოოს ის ალიანსს. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და მინისტრმა უმეროვმა ასევე განიხილეს უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინის რეფორმების ძალისხმევა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, როდესაც ყველა მოკავშირე შეთანხმდება და როცა დაკმაყოფილდება პირობები. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან NATO-ს გენერალურ მდივანთან განიხილა ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრისთვის უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები. „თავდაცვის სამინისტრო NATO-სთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია, აირჩია ეს გზა და ახლა ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა NATO-ს წევრობას მივუახლოვდეთ,“ - წერს უმეროვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.
უკრაინა F-16-ის მიღებას უახლოეს მომავალში ელის
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანამედროვე გამანადგურებლების, F-16-ის მიწოდებას „უახლოეს მომავალში“ მოელის. რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ამერიკული გამანადგურებლების მიღებისთვის მზადება სრული ძალისხმევით მიმდინარეობს. ოქტომბერში დანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პირველ პარტიას 2024 წლის მარტსა და აპრილში გადასცემს. 9 დეკემბერს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 95 „სამხედრო შეტაკება“ მოხდა. განხორციელდა 28 სარაკეტო თავდასხმა და 27 საჰაერო თავდასხმა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის რეგიონში, ავდეევკის რაიონში გაიმართა. რუსეთის ჯარები კვირებია, ცდილობენ ალყაში მოაქციონ ეს სამრეწველო ქალაქი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო სიმბოლოდ იქცა.
უკრაინის მხარდასაჭერად საჰაერო თავდაცვის კოალიციას 15 ქვეყანა უერთდება
კოალიციამ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. უმეროვმა აღნიშნა, რომ ინიციატივას გერმანია, საფრანგეთი და აშშ ხელმძღვანელობენ და მას სულ 15 ქვეყანა უკვე შეუერთდა. „უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია კონფლიქტის მომავლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს უმეროვმა ასევე გამოაცხადა "დრონების კოალიციის" ოფიციალური დაწყების შესახებ, რომელსაც ლატვია ხელმძღვანელობს და რომელიც სხვა შვიდ ქვეყანას მოიცავს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ინიციატივას ახლახან შეუერთდნენ ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი. უმეროვმა რამშტაინის ფორმატის ადრინდელ სამიტზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, ავიაციის, საზღვაო ძალების და ჯავშანტექნიკის ირგვლივ კონცენტრირებული კოალიციების შექმნა მოკავშირეთა მთავარი პრიორიტეტებია.
რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ 300 000-მდე ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს - უმეროვი
რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ 200 000 - 300 000 ჯარისკაცის განლაგებისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ახალ შეტევას გეგმავს. მინისტრის განმარტებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ახლოს ახლა 500 000 ჯარისკაცი ჰყავს. ”მათი მიზანია ჩრდილოეთში ახალი ფრონტის გახსნა, რათა დაიწყონ მთელი ცოცხალი ძალის გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ, მათი მიზანია ერის განადგურება,“ - აღნიშნა უმეროვმა. უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაპირებული სამხედრო დახმარებისა და მისი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის მხოლოდ ნახევარი მიიღეს დროულად. „ჩვენ გავუძლებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, გვჭირდება მეტი ძალა, გვჭირდება შორი მანძილის რაკეტები, რათა მათ (რუსებს - რედ.) არ მივცეთ საშუალება, შემოვიდნენ ჩვენს სახელმწიფოში,“ - განაცხადა უმეროვმა. უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლიერია მისი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარებისა და იარაღისთვის, თუმცა განაცხადა, რომ ყოველი დაგვიანებით მხოლოდ რუსი ოკუპანტები სარგებლობდნენ. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებისადმი ონლაინ გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოუწოდა მეზობელ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.