თეგი: რუსული პროპაგანდა
ადამ კინზინგერი: როდესაც მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოს ურჩევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. კინზინგერის განცხადებით, ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. „როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით. დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ, საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა - რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა? ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“.
კრამერი: სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს „რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქათველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი. აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს საქართვრლოს ომში ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში
შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამ მიზნით, აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერს მხარს უამრავ პროგრამას. „შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერს მხარს უამრავ პროგრამას, რომლებიც ორიენტირებულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მდგრადობის გაზრდაზე. მათ შორის ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ფაქტების შემოწმების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით. გარდა ამისა, დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე ჩატარებულმა ანალიზმა და კვლევამ საჯაროდ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ამხილა უცხოური დეზინფორმაციის ინსტრუმენტები და მათ მიერ ნაცადი ტექნიკა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ეწინააღმდეგება რუსული დეზინფორმაციის საფრთხეს უფრო ფართოდ, საერთაშორისო დონეზე ურთიერთგაგებით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, რუსეთის პროპაგანდისტული ეკოსისტემის და დეზინფორმაციის გამოყენების გამოვლენით ჩვენს მოკავშირეებში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს.
ლატვიაში კიდევ სამი რუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი დაიბლოკა
ლატვიაში კიდევ სამ რუსულ პროპაგანდისტული ვებგვერდს ( wagner2022.ru, dentv.ru და yapolitic.ru) დაბლოკავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო. სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს რესურსები გამოიყენება რუსეთის აგრესიული პროპაგანდის მხარდასაჭერად, კერძოდ, დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ, ასევე მათი გასამართლებლად. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან დაკავშირებულ რიგ რესურსებზე (ძირითადად Sputnik და RT დაბლოკეს) დროებით შეზღუდა წვდომა. აპრილში ლატვიაში დაიწყო სასამართლო პროცესების სერია, რომელშიც 16 ჟურნალისტი მონაწილეობდა - ისინი რუსულ საინფორმაციო პორტალებთან - Sputnik- და Baltnews თანამშრომლობდნენ და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ედებათ ბრალი.
პოდოლიაკი: მასკის ირონია ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, 2 ოქტომბერს ილონ მასკის პოსტები სოციალურ მედიაში, რომელშიც ირონიას გამოხატავდა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რუსული პროპაგანდის წახალისებად შეაფასა. პოდოლიაკმა X-ზე დაწერა, რომ „დღეს უკრაინის მიმართ ნებისმიერი სიჩუმე ან ირონია არის რუსული პროპაგანდის პირდაპირი წახალისება, რომელიც ამართლებს მასობრივ ძალადობასა და ნგრევას.“ ილონ მასკმა 2 ოქტომბერს X-ზე გააზიარა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხმყოფელი მემი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ზელენსკი უკრაინისთვის ძალიან დიდ დახმარებას ითხოვს.
NATO-ს შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ - ალექსანდრე ვინიკოვი
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვინიკოვის შეფასებით, პროპაგანდა ახალი ფენომენი არ არის. ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ცხადია, ციფრული კომუნიკაციის საშუალებების სწრაფად განვითარებასთან ერთად, პროპაგანდა უფრო მძლავრი ხდება, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავუმკლავდეთ მას. „NATO-ს ძირითადი მიდგომა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის არა კონტრპროპაგანდა, არამედ, პროპაგანდასთან ფაქტების მეშვეობით ბრძოლა. სწორედ ამას ვაკეთებთ ცენტრალურ დონეზე NATO-ს შტაბ-ბინის მეშვეობით, რომელიც დიდ ძალისხმევას ეწევა NATO-ს ვებგვერდის მეშვეობით, სადაც ალიანსის შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ. იგივეს ვაკეთებთ ადგილობრივ დონეზე საქართველოში, პირდაპირ ვერთვებით სამიზნე აუდიტორიებთან, ახალგაზრდებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რეგიონებს, რადგანაც თბილისში ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთი რეგიონში ეს დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იქ, სადაც უფრო მეტად რუსულენოვან საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობიან. ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალისხმევა რეგიონებისკენ მივმართოთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მრავალ პარტნიორთან, როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან, რათა ავამაღლოთ ცნობიერება NATO-ს შესახებ, NATO-საქართველოს თანამშრომლობის სარგებლის შესახებ, და ცხადია, ვებრძოლოთ ყალბ ნარატივებს, მათ შორის ანტიდასავლურ ნარატივებს, რაც პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენსავე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ არის ეს ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ასევე ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,“ - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა civil.ge-სთან ინტერვიუში.~ მან ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით, ასევე არის პროგრესი NATO-ს საბოლოო წევრობისკენ. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი
იტალიის ქალაქის მერიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლზე პროპაგანდისტული გამოფენის ნებართვა გააუქმა
იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „უკრაინული მხარის თხოვნით, იტალიის ქალაქ მოდენას მერიამ გააუქმა ნებართვა ოკუპირებული მარიუპოლის შესახებ პროპაგანდისტული გამოფენის გამართვის ნებართვა. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით გადაწყვეტილებას. მადლობელი ვართ როგორც მერიის, ასევე უკრაინელების იტალიაში, რომლებმაც არ დააუშვეს, შეცდომაში შეეყვანათ იტალიური საზოგადოება,“ - აღნიშნულია კომენტარში. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქალაქებს, არ უზრუნველყონ პლატფორმები რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაციებისთვის. ნიკოლენკოს თქმით, ეს მნიშვნელოვანი წვლილი იქნება რუსეთის აგრესიაზე უკრაინის გამარჯვებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის ქალაქ მოდენაში დაგეგმილ გამოფენას, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინის მარიუპოლის თითქოსდა "კეთილდღეობას" ეძღვნება, პროვოკაციას უწოდებდა. კიევი იტალიისგან „რუსულ პროპაგანდაზე“ რეაგირებას ელოდებოდა. უკრიანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ იყო გამოფენის ორგანიზატორი.
ზელენსკი: რუსულ პროპაგანდას მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა
„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ პროპაგანდას უცვლელად მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და, უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა. ყველა დონეზე, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ მის წინააღმდეგ. და მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში - ყველა ლიდერს, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა პოლიტიკოსს, ვინც სერიოზულად ეკიდება ხალხის დაცვას დეზინფორმაციისგან და ყველა სხვა რუსული დესტაბილიზაციის გავლენისგან,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აპრილს, ტრადიციული ვიდეომიმართვისას.