თეგი: რუსული რაკეტა
AP-მ გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
Associated Press-მა გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში, გასულ კვირას მომხდარი „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მან მოამზადა სიუჟეტი, რომელიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი ინციდენტზე. 35 წლის ჯეიმს ლაპორტა მოკლე გამოძიების შემდეგ გაათავისუფლეს. პირველი ინფორმაცია სწორედ AP-მ გაავრცელა, რომელიც ათასობით საინფორმაციო გამოცემას მიეწოდა მთელ მსოფლიოში. სააგენტო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ახალი, საშინელი ესკალაციის შესახებ ვარაუდობდა. ერთი დღის შემდეგ, AP-მ თავისი ინფორმაცია შეცვალა. განმარტა, რომ მისი ანონიმური წყარო შეცდა და რომ რაკეტები სავარაუდოდ, უკრაინამ თავდაცვის მიზნით გაისროლა. ლაპორტამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, AP-ს 2020 წლის აპრილში შეუერთდა. ის საინფორმაციო სამსახურისთვის სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებდა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.