თეგი: საარჩევნო კომისიები

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა

2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1048 ვაკანტურ ადგილზე სულ 1206 განაცხადი დარეგისტრირდა. მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე 766, გარდაბანში 264 ვაკანტურ ადგილზე - 270, ხოლო ბათუმში 112 ადგილზე 170 განაცხადი შევიდა. „კონკურსანტებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა განაცხადები ცესკოს ახალი პლატფორმის გამოყენებით წარედგინათ. ელექტრონული პლატფორმა სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის გააქტიურდა. ამ ტექნოლოგიური სიახლით, ცესკოს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ისარგებლებენ როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატები და ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული პირები. როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, პლატფორმის გამოყენებით კონკურსანტების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ წარადგინა განაცხადი 2 აპრილის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში, - ცესკოს ტექნოლოგიური სიახლით 478-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 275-მა კონკურსანტმა კი დოკუმენტაცია შესაბამისი ოლქის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა; 453-მა მონაწილემ კი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 85.49% ქალია, ხოლო 14.51% - კაცი. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 14 ბათუმში. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის. გვინდა შევახსენოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რომ, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. ამ დროისათვის ცესკოში რეგისტრირებულია 4 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისათვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.