თეგი: საბჭოთა ოკუპაცია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობაზე დროშები დაეშვა

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და პარლამენტის შენობაზე. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.