თეგი: საგარეო ურთიერთობა
ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება საგარეო მიზანს - ზურაბიშვილი
ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს, ხალხის მანდატს, გავრილოვის ჩამოყვანით ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, – ასე მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას. „სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული. თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია, ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება, ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.