თეგი: საგრანტო პროგრამა

იაპონიამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა

იაპონიამ საქართველოს 4 ენერგოეფექტური ავტომობილი გადასცა. იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ელჩის თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) 2016 წელს განახორციელა „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ და მათ გრანტის ფარგლებში გადაწყვიტეს, მოეძიებინათ დამატებითი დაფინანსება ოთხი ენერგოეფექტური მანქანის შესაძენად. „იაპონია მიზნად ისახავს ემისიების მინიმიზაციას 2050 წლისთვის და ხელს უწყობს მსოფლიოს დეკარბონიზაციას მოწინავე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამიტომაც გვიხარია საქართველოსთან პარტნიორობა. ამ ოთხი მანქანის შენაძენი კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართ საქართველოს ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა. იმედი მაქვს, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან ხელს შეუწყობს ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევას“,  - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.  საგრანტო პროექტით, რომელიც მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვას შეეხება, 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა. გრანტის მეორე ნაწილი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა - 2 ერთეული საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცემა, თითო - თითო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ილიას უნივერსიტეტს. „ჩვენ მივესალმებით საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებში მწვანე ენერგიის გამოყენებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის აეროპორტში, სადაც იაპონიის მთავრობის დახმარებით, მზის პანელები დამონტაჟდა. ამავე გრანტით ჩვენ გადმოგვეცა ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებები - ესეც კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია. მწვანე ტრანსპორტის დანერგვით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბური აირების ემისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.        ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი“ საქართველოს მთავრობისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.