თეგი: საერთაშორისო გამჭვირვალობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა „საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე. ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისათვის პასუხისმგებლობის დღემდე არ დაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა. წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება მოყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა: "კორუფციის აღქმის ინდექსით", საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა
„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. „საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ საკითხზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე,“ წერს ორგანიზაცია. ორგანიზაციის რეკომენდაციებია: ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედბების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის ნაცვლად დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით; "გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა"; შეიცვალოს პროკურორის არჩევის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ; გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. რეიტინგში საუკეთესო შეფასება აქვს დანიას (90 ქულა), ფინეთს (87), ახალ ზელანდიას (85), ნორვეგიას (84). ყველაზე უარესი შედეგი კი სომალის (11), ვენესუელას (13), სირიას (13). რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს: რუსეთს 26 ქულა აქვს, აზერბაიჯანს - 23, სომხეთს კი 47. მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა. თუმცა ქვეყანას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წელს.
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, მაგრამ 2012 წელთან შედარებით კვლავ მაღალია - TI საქართველო
შარშან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით მაინც გაზრდილია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უმთავრესად ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია. შარშან ჯამში რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. ფულადი გზავნილების ასეთი ზრდა რუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლამ გამოწვია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა. TI-ის 2006 წელი მოჰყავს მაგალითად, როდესაც რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ კი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11 552 კომპანია დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯამში 26 339 კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა რეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. TI-ის შეფასებით, კომპანიების რეგისტრაცია მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის გადმოვიდა. ტურიზმი და ფულადი გზავნილები ანგარიშის მიხედვით, „კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. 2022 წელს პანდემიის დასრულების და ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, შარშან კი 20.1%. რაც შეეხება მათ მიერ დახარჯულ თანხას, 2023 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 938 მლნ დოლარი დახარჯეს, 5.3%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. ტურიზმისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორების წილი 2022 წელს 25.3% იყო, 2023 წელს კი 22.8%-მდე შემცირდა. პირდაპირი ინვესტიციები 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია, აღნიშნულია ანგარიშში. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. ვაჭრობა რუსეთთან შარშან საქართველომ რუსეთში ექსპორტი 657 მლნ დოლარამდე გაზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო. რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ღვინო გამოირჩევა, რომლის მთლიანის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის, ეს 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, TI-ს მიხედვით, რუსეთიდან იმპორტი 5%-ით 1.7 მლრდ დოლარამდე შემცირდა. შარშან რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა, მაგრამ 2021 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი მაინც 4-ჯერ არის გაზრდილი. შარშან წინა წელთან შედარებით ასევე შემცირდა ხორბლის და ფქვილის იმპორტი, თუმცა გაიზარდა რუსეთიდან გაზის შესყიდვა 15%-ით და რუსული გაზის წილმა ქვეყნის შიდა მოხმარებაში 20% შეადგინა. რეკომენდაციები რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა: რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება; რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში; სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.