თეგი: საერთაშორისო იზოლაცია

სალომე ზურაბიშვილი: იზოლაციის საფრთხე ჩნდება, არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს

საქართველოს პრეზიდენტმა იზოლაციის საფრთხეზე მიუთითა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს“. პრეზიდენტის განმარტებით, იზოლაციის საფრთხე ბევრად დიდი და რეალურია, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. „ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინა, ცხადია. თვითონ შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი], რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდამჭერად, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან, „თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს“. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა. ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს ფარდას ავხდითო. არ ვიცი რა ფარდას და  როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი. ახალი კითხვები გავაჩინეთ, გამოჩინეთ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ, საერთოდ, ვიცით, რომ ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ, რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა. კერძოდ, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც. თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებს და თან ვამბობთ, რომ არ ვართ. ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე. ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, ვეუბნებით, რომ ეს უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს?! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს... ამას მოჰყვება მოგონილი თემა მეორე ფრონტისა, არცერთი ჩვენი პარტნიორისგან მოწოდება არ ყოფილა, რატომ არ არის მეორე ფრონტი, ეს არის მოგონილი, ტყუილი. ეს იდეა ერთადერთი გაისმა უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს რაღაც მომენტში მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ. ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს. მოლდოვას ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არც მათგან და არც ჩვენგან, ესეც უნდა ითქვას. არც ომში ჩართვა მოუთხოვია არც მოლდოვისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ, როგორც ჩანს, გვიჭირს - შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. ეს არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ - მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში, თუნდაც ომის დროს. ამდენად, იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაციისა, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. ოპოზიციამ, უფრო სწორად მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, დამაზიანებელი როლი ითამაშა, მაგრამ ასევე გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე არის ხელისუფლებაზე და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია. ეს საკმაოდ მძიმე სურათია. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი. რეზოლუცია, რომელზედაც ამდენი დაიწერა, მძაფრ კრიტიკასთან ერთად ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება. რეზოლუცია გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს, დღე-დღეზე ველოდებით კომისიის რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც (არამხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე) თვის ბოლოს, 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის მეთაური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ეს თარიღი იქნა შენარჩუნებული. კიდევ რამდენიმე საფეხური და რამდენიმე შანსი არსებობს. ამავე დროს ევროპარლამენტიდანაც და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. იმედი შეიძლება შევინარჩუნოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.