თეგი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტზე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას. ეს სანქციები თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესდა. მათ შორისაა რუსეთსა და ბელორუსში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვა, ამ ქვეყნების სპორტსმენებს არ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი დროშები და ჰიმნები. დღევანდელმა სამიტმა გაახანგრძლივა ეს სანქციები, გადაწყდა რუსეთის პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის ოლიმპიური ბრძანებების გაუქმება. სამიტზე გათვალისწინებული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის (მომდევნო ოლიმპიადა აქ გაიმართება) ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ შეჯიბრში, ომში მყოფმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა - რადგან სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. მაგრამ ამ მოსაზრებას დელეგაციების უმეტესობა არ დაეთანხმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ, ომის აქტიურად მხარდამჭერები არ დაიშვებიან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან. „რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ,”- ნათქვამია განცხადებაში. არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელორუსულ შეიარაღებულ ძალებში ან სპეცსამსახურებში სამსახურზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.
ზელენსკი: ოლიმპიურმა მოძრაობამ ხელი უნდა შეუწყოს ომების დასრულებას და არა აგრესორებს
ოლიმპიურ პრინციპებს რუსეთი განუწყვეტლივ არღვევს და ოლიმპიური თამაშების პერიოდს ომის წარმოებისთვის იყენებს - 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ უკრაინელი სპორტსმენის ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიცირებას იმის გამო, რომ მან ომში დაღუპულების გამოსახულებიანი ჩაფხუტით ასპარეზობაზე უარი არ თქვა. „სპორტი ამნეზიას არ უნდა ნიშნავდეს და ოლიმპიურმა მოძრაობამ ხელი ომების დასრულებას უნდა შეუწყოს და არა აგრესორებს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება სკელეტონში უკრაინელი მრბოლელის ვლადისლავ ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაციის შესახებ საპირისპიროს ამტკიცებს. ეს ნამდვილად არ ეხება ოლიმპიადის პრინციპებს, რომელიც სამართლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერას ეფუძნება,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკიმ უკრაინელ სპორტსმენს მისი მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. „მისი ჩაფხუტი, რომელზეც დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების პორტრეტებია გამოსახული, პატივისცემისა და ხსოვნის სიმბოლოა. მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, თუ რა არის რუსული აგრესია და რა არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საფასური. ამ შემთხვევაში, არცერთი წესის დარღვევა არ მომხდარა. სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 660 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი მოკლა. მიუხედავად ამისა, ამჟამად, იტალიაში ოლიმპიურ თამაშებში 13 რუსი მონაწილეობს. ისინი „ნეიტრალური“ დროშების ქვეშ ასპარეზობენ, რეალურად კი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას მხარს უჭერენ. დისკვალიფიკაციას სწორედ ისინი იმსახურებენ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
დისკვალიფიცირებულია უკრაინელი სპორტსმენი, რომელმაც ომში დაღუპულების გამოსახულებიანი ჩაფხუტით ასპარეზობაზე უარი არ თქვა
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მონაწილე, უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ ჰერასკევიჩი დისკვალიფიცირებულია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აკრძალვის მიუხედავად, უარი არ თქვა „ხსოვნის ჩაფხუტით“ ასპარეზობაზე. ჩაფხუტზე გამოსახულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების, მათ შორის, წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ფოტოები. აკრძალვის მიუხედავად, ჰერასკევიჩმა წვრთნები აღნიშნული ჩაფხუტით გაიარა. კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადაში ჰერასკევიჩის მონაწილეობა ძალიან სურდათ, ამიტომ, კომიტეტის წარმომადგენლებმა როგორც წერილობით, ისე არაერთხელ შეხვედრისას განმარტეს, რომ მსგავსი ჩაფხუტი არ შეესაბამება ოლიმპიურ ქარტიას და სპორტსმენთა თვითგამოხატვის წესებს, ამიტომ, შესთავაზეს ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის, შავი სამკლავური და ჩაფხუტის საჯაროდ დემონსტრირება ასპარეზობების შემდეგ, რასაც ჰერასკევიჩი არ დასთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს დისკვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს, შეჯიბრების წინ კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი პირადად შეხვდა უკრაინელ სპორტსმენს და კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ განუმარტა, თუმცა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენს შესთავაზეს, რომ ჩაფხუტი რბოლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ეჩვენებინა, ასევე, მას რბოლის დროს შავი სამკლავურის ტარების უფლება მისცეს. „მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო,“ - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა. უკრაინელი სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ვლადისლავ ჰერასკევიჩი მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგაობა/სკელეტონის შეჯიბრში ასპარეზობს, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს. ვლადისლავ ჰერასკევიჩმა უარყო, რომ ოლიმპიადის წესებს არღვევს. უკრაინელი სპორტსმენის თანახმად, შეუძლებელია „ხსოვნის ჩაფხუტზე“ ითქვას, რომ ეს ქარტიით აკრძალული პოლიტიკური პროპაგანდა, დისკრიმინაცია ან რასიზმია. ვლადისლავ ჰერასკევიჩი უკრაინის ოლიმპიური ნაკრების მედროშე იყო ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 6 თებერვალს მილანში გაიმართა. შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვლადისლავ ჰერასკევიჩს ჩაფხუტის ტარების აკრძალვის შესახებ სამშაბათს აცნობა. კერძოდ, საქმე ეხება ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესს, რომლის თანახმად, „არცერთი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში.“