თეგი: სავაჭრო შეთანხმება
უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიება კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს რვა მთავრობათაშორის დოკუმენტს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ახალგაზრდული პოლიტიკის, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის შესახებ საბაჟო სფეროში. ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას მაღალი ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მთავრობათაშორის პროტოკოლს, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ასევე ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების შესახებ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 3 თებერვალს ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება
საქართველო და კატარი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხთან. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები. მინისტრები მიესალმნენ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა კატარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი და გამართული შეხვედრები, მათ შორის კატარის ამირთან. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი რაც ქვეყნებს შორის არსებობს ამ მიმართულებით, მათ შორის კატარში ქართული პროდუქციის მზარდი იმპორტი და ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციის რეალიზაცია. მინისტრები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ შესაბამისი უწყებების ჩართულობით ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად სათანადო სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების მიზნით. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ტურისტულ მიმოსვლას და კატარელი ტურისტების მხრიდან საქართველოს ღირსშესანიშნაობებით მაღალ დაინტერესებას. ამ მხრივ აღინიშნა კატარის ავიახაზების წარმატებული საქმიანობა საქართველოში და პირდაპირი რეისები, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კატარის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.