თეგი: საზღვაო სააგენტო
გაბონში, 2 მაისს გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. „ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში“. ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან 21 მაისს გაათავისუფლეს. 2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან. "საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებას შეძლებენ
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შესაბამის ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ, თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით. „ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მათ შორის, გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.