თეგი: საზღვრის კვეთა
პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლა შეეძლება უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, ან წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე „პისიარ“ტესტის უარყოფით პასუხს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „პირველი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში, წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე „პისიარ“ ტესტს (მესამე დღეს „პისიარ“ ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების „პისიარ“ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს „პისიარ“ტესტირების ვალდებულება, ხოლო „პისიარ“ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე; „რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტითაა შემცირებული
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, დღეს რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა 50 პროცენტით არის შემცირებული. „საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „დარიალის“ გავლით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა
მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა. შემთხვევა რიო-გრანდეს მდინარეზე მოხდა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ფინანსთა მინისტრი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის
„საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით ხორციელდება. "თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა. გაზრდილია არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ გაზრდილია ქვეყნიდან გაზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილება ისაა, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მინისტრმა. დღეს უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვებაზე უარს ეუბნებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსააც შესაძლოა, მობილიზაცია შეეხოთ. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.