თეგი: საია

საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაია სარჩელი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლონდა თოლორაიამ საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით, უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები. საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით, განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა. აღნიშნულმა კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება. 2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საია: ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. საიას ცნობით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. რუსეთს კი ევროპული სასამართლოს კითხვებზე პასუხისთვის ვადა 2022 წლის 2 მაისამდე აქვს. რუსეთის ფედერაციამ უნდა განმარტოს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება და მათთან დაკავშირებული მე-13 სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლები. „2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება” - წერია საიას განცხადებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს. ორგანიზაციას სასამართლოში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელთა შორის 12-ზეც ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა 7 თებერვლიდან დაიწყო. 2021 წლის იანვარში ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი, (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება მიიღო დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგებლობით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.[1] საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება. „გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.[2] საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი,[3] რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.[4] პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.  

საიამ პარლამეტს მოუწოდა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიის რეკომენდაცია და პროცესი მეტად ინკლუზიური გახადოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თაობაზე პარლამენტს მოსაზრებები წარუდგინა. ამასთან, მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროკომისიის რეკომენდაცია და პროცესი მეტად ინკლუზიური გახადოს. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონაწილეობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის მიზნით ჩამოყალიბდა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. საიამ 23 აგვისტოს სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინა მოსაზრებები და შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას და პროცედურას, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამყენებას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, საარჩევნო ფინანსებს და სხვა. გარდა ამისა, საია წარდგენილ დოკუმენტში მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეასრულოს ეუთო/ოდირის და ევროკომისიის რეკომენდაცია და გახადოს პროცესი მეტად ინკლუზიური. გასულ დღეებში ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს საიას წერილობითი რეკომენდაციების განხილვას იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაესწრება სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. მიუხედევად იმისა, რომ ორგანიზაცია არის საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი, საიამ უარი განაცხადა მომდევნო შეხვედრებზე დასწრებაზე მანამ, სანამ პროცესი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობით სრულიად ინკლუზიური არ გახდება. საია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა, ხოლო ამჯერად, საიასთვის წაყენებული ულტიმატუმი აზიანებს პროცესს, საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას და ეწინააღმდეგება, როგორც ევროკომისიის, ისე ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები, - საია ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის შესაძლო დარღვევის ფაქტებს ეხმაურება. ამასთან, საია გამოეხმაურა მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს პირებმა, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი. „შევახსენებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის არმქონე პირთათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს და ადგენს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ხსენებული კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დადგენილი წესის დარღვევით, ყველა სხვა მიმართულებიდან, გარდა კანონით დადგენილისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, სასჯელის სახეს კი განსაზღვრავს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სასამართლო. ამასთანავე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს ეკონომიკურ საქმიანობაზე. აკრძალულ ეკონომიურ საქმინობის სახეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქრთველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტით აკრძალული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ხსენებული კანონით აკრძალული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს დანაშაულს, შესაბამისად დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევებზე გამოვლენილი უმოქმედობით არ მისცეს ლეგიტიმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარებულ რეჟიმების მიერ დადგენილ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოვლენისთვის და აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები“,- ნათქვამია განცხადებაში.  

საია: სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული 4 თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, რის საფუძველზეც 26 ოქტომბერს განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს შორის არიან ეკატერინე კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე და ნინო ხუნდაძე, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აგრძელებენ. 2022 წლის 28 იანვარს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის იყო ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც. მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ განმცხადებლების პროექტმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი შეიმუშავა. კერძოდ, დებულებით დირექტორატს უფლებამოსილება მიენიჭა, დაფინანსებული პროექტების შესახებ დამფინანსებელს მიმართოს და საგრანტო თანხა მოითხოვოს. დირექტორატს ასევე, უფლება მიენიჭა, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით. მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა აღასრულა. კერძოდ, განმცხადებლებმა 2022 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook გვერდზე განთავსებული პოსტიდან შეიტყვეს, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს სსიპ ეროვნული მუზეუმის სახელით ფონდის კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტის განხორციელების თაობაზე თანხმობა გაეგზავნა და ხელშეკრულებები გაფორმდა. ის 1 პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა სსიპ ეროვნულ მუზეუმში შექმნილი მუზეუმთა ჯგუფის დირექტორატი და უკვე ახლად შექმნილი სამეცნიერო საბჭო, არის განმცხადებლების პროექტი. ამით განმცხადებლების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლები არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს უკავშირდებოდა. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შემდგომში გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ განმცხადებლების მიერ დაფიქსირებული პოზიციებით. შესაბამისად, ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი სტანდარტების შეჯერებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ, მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს შემდეგი რეკომენდაციით მიმართა: - გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს; - მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. ამ საქმეს საია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აწარმოებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავის თაობაზე პრესკონფერენციას ხვალ გამართავს. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში ამ საქმეზე 31 ბრალდებული და 57 დაზარალებულია.

ნიკა სიმონიშვილი: 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ

საიამ ადამიანის ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 მედია წარმომადგენლის (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გააგზავნა - სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს „მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.  

ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა - საია

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი. „2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება. საიას ცნობით, საჩივრის ფარგლებში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს ის იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. მომჩივანს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების მართვის და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში, 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია თამარ ონიანმა დაიკავა. ნონა ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ. შეგახსენებთ, რომ დღემდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია, ნიკოლოზ სიმონიშვილს ეკავა.  

თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგ ცვლილებას დისკრიმინაციულიად აფასებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა. საია მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს და დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის დაცვა. „საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში. აღნიშნულთან კავშირში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ ხსენებული დანაწესი არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას. იგი იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში. “საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას.“ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყრას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან მიმართებით. ამრიგად, მოვუწოდებთ, როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა. დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.  

საია ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: შესაძლოა, იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის უფლებები. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის​ ფარგლებში. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 29 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი. 30 მარტს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე მას ბრალი წარუდგინა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ისე, რომ ბრალდებულის და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები. მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა. მისი განცხადება იყო, არა მხოლოდ, ჰომოფობიური კონტექსტის მატარებელი, არამედ, მიზნად ისახავდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას. პრობლემურია, მანამდე, 12 მარტს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ 7-8 მარტის აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც. დამატებით, 2023 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი გადაჭრით დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირ არ დაუსახელებია მისი სახელი და გვარი, ი. ღარიბაშვილის ნათქვამი წინადადება ატარებდა საზოგადოებისთვის შეცნობად კონტექსტს, რომ საუბარია ლაზარე გრიგორიაიდისზე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამასთან, წინა დღით, 2023 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის კვირაში“ წამყვანმა ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია ნასამართლევად, გადაცემაში აგრეთვე გავრცელდა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, იმგვარად, რომ საზოგადოებაში გამოეწვია ლაზარე გრიგორიადისის პიროვნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოში პირველი წარდგენის საჯარო სხდომაზე, მოსამართლემ დაადასტურა, რომ ლაზარე არ არის ნასამართლევი. შედეგად, პოლიტიკოსებისა მიერ გავრცელებული განცხადებებით, ინდივიდუალური თუ მათი კუმულაციური ეფექტით, არაერთხელ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია, აგრეთვე, გავრცელდა მისი ნასამართლეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა2023 წლის 3 აპრილს მასმედიის საშუალებით ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლაზარე გრიგორიადისის გამოკითხვის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის იძულებას, გამოძიებისთვის მიეწოდებინა საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება აბსოლუტური უფლებაა და მის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს პირისთვის ჩვენების ჩამორთმევის მიზნით ნებისმიერი სახის იძულება. მნიშვნელობა არ აქვს პირი ასეთ დროს თავის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი იძულება არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში შესახლების დროს ლაზარე გრიგორიადისს ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თმა. ხსენებულს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ლაზარემ ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ([...] 2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა). ვინაიდან არსებობს დაცვის მხარისა და პენიტენციური დაწესებულების შეფასებებს შორის რადიკალური სხვაობა, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის ობიექტური შესწავლა, მათ შორის, იმ კონტექსტში, ხომ არ მოხდა პატიმარზე ირიბი ზეწოლა. ამასთან კავშირში, ასევე, აღვნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე იანკოვი ბალგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria, 2003, 39084/97) განმარტა, რომ პირი, რომელსაც ციხეში იძულებით გადაპარსავენ თავს, განიცდის დამცირებას, ამგვარი მოპყრობა შეურაცხყოფს მის ღირსებას. თავის იძულებით გადაპარსვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ არასრულფასოვანია. გარდა ამისა, ადამიანს, ვისაც თავს გადაპარსავენ, უწევს გარკვეული პერიოდი ატაროს ნიშანი, რომ ის დაექვემდებარა ამგვარ დამამცირებელ მოპყრობას. ეს ნიშანი (გადაპარსული თავი) ადვილად შესამჩნევია ყველასთვის და ამიტომ ადამიანი მუდმივად განიცდის სულიერ ტკივილს. მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ: - ხელისუფლების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფარგლებს. - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები. - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. - საქართველოს სახალხო დამცველს- როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის ადვოკატმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ახალგაზრდის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. „ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. თქვა, რომ ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს. „ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა. უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თმის გადაპარსვაო და თმა გადამპარსესო“, - აღნიშნა ადვოკატმა ბითაძემ მედიასთან. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ლაზარე გრიგორიადისი ხსენებული პროტესტის მონაწილე იყო.  

უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა ბათუმში გრძელდება - საია

საია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა. "Საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ქ. Ბათუმში, ერას მოედანზე 3 ივნისს მიმდინარე აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2023 წლის 2 ივნისის ღამით ქ. Თბილისში, პარლამენტის წინ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული უფლებადამცველების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. Შემაშფოთებელია, რომ თბილისის შემდგომ, ბათუმშიც გრძელდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეპრესიული საპოლიციო მექანიზმებით უკანონო შეზღუდვა. კადრებში ჩანს პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენება რამდენიმე პირის მიმართ (შეხლა-შემოხლა, ხელის კვრა https://www.facebook.com/temurgorgadze/videos/285290150589757/ 2:23-2:52), Ასევე, ჩანს, ძალადობრივი მეთოდით დაკავების ფაქტები (3:07 - 3:37) და მუქარა (“სამარცხვინო ვინ არის, განახებთ”). Როგორც კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილე პოლიციელისადმი “სამარცხვინოს” წოდების გამო დააკავეს. Მსგავსი საფუძვლით პირთა დაკავება ქართულ რეალობაში ახალი არ არის, თუმცა Მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო საზღვრებს, ვიდრე კერძო პირები. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე ადამიანის ქმედება არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით დაცულ გარანტიებს. კადრებში ნათლად გარჩევადია, ასევე, როგორ უკრავენ ერთ-ერთ დაკავებულს (რომელიც, როგორც ხალხის შეძახილებით ირკვევა, არასრულწლოვანია) სავარაუდოდ ე.წ. Ხამუთებით (ცალუღით) ზურგსუკან ხელებს, რა დროსაც პირი მანქანის წინა ნაწილთან ჰყავთ მიმწყვდეული (2:09-2:23). Ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული დაკავებების დროს ფართოდ გავრცელებული მეთოდია რეზინის/პლასტმასის ხელბორკილების გამოყენება დემონსტრაციების დროს მიმდინარე საპოლიციო ოპერაციებისას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში პოლიციელმა დაკავებული პირი უნდა გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ ძალდატანებამ/წინააღმდეგობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხელბორკილის შევიწროება და შესაძლო დაზიანება. მჭიდროდ დადებულმა ხელბორკილმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება, დალურჯება, სიწითლე, ხელის დაბუჟება და სხვა ნერვული დაზიანება, რამაც, კონკრეტულ შემთხვევებში, შეიძლება, მიაღწიოს არასათანადო მოპყრობის ხარისხს. ამგვარი გაფრთხილება ვიდეო-მასალაში არ ჩანს. Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და მოუწოდებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები; საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე", - ნათქვამია განცხადებაში.  

საია: სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულის სასარგებლოდ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს შეფასებით, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. „თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება და მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. საია: ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

საია: სასამართლომ Tik-Tok-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და პოსტის საფუძველზე, პირი სამართალდამრღვევად მიიჩნია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების კვარტალურ ანგარიშს, რომელშიც სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს. მაგალითად, საია საუბრობს სოციალურ ქსელებში, ტიკ-ტოკსა და Facebook-ზე განთავსებული ვიდეოსა და პოსტი გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებასა და სასამართლოს მხრიდან ამ პლატფორმებზე გამოხატული მოსაზრებების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევაზე. ანგარიში იანვარი - მარტის პერიოდს მოიცავს. კვარტალური მიმოხილვის მოცემული ნაწილი დღეს სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. 1) პირის სამართალდამრღვევად ცნობა FACEBOOK-ზე გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის დადგენილებით, ძალაში დარჩა ბათუმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სამართალდამრღვევად ცნობილმა პირმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის თანამშრომლებს გამიზნულად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა. სასამართლომ 166-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელი, მათ შორის Facebook, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას ჰპოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობაც სწორედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება“. სასამართლოს შეფასებით, „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში“. რაც შეეხება 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ მიუთითა, რომ „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როდესაც ის გამოავლენს სამართალდარღვევის, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ფაქტს და ადგილზე განახორციელებს საქმის წარმოების სხვადასხვა საპროცესო მოქმედებას, არამედ ამ დროში იგულისხმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი 12 მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრე- ტული საქმის წარმოებას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე. შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის ან რომელიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების ადგილას“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას, - წერს საია. 2) TIK-TOK-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე პირის სამართალდამრღვევად ცნობა თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოში პირი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც 12 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის დადგენილება საქმეზე N4/456-23. 9 თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიე- მართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშ- რომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ. სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სოციალური ქსელი, მათ შორის Tik-Tok, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. სასამართლოს მოსაზრებით, გამოქ- ვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა სა- ზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე. რაც შეეხება ამავე საქმის ფარგლებში 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ დაადგინა, რომ: „ი.მ-ის მიერ 2022 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი ქმედება, კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ 10 ქმედებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა“. ხსენებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს, - წერს საია. საია-ს შეფასებით, ორივე შემთხვევა ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აუარესებს ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტს.  

საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს

ძალადობის ფაქტები, რომლებიც დროში ერთმანეთს ემთხვევა და რაღაცნაირად ერთ ხელწერას ჰგავს, აჩენს იმის განცდას, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს ცალკეული შემთხვევები და ამას უფრო ორგანიზებული სახე ჰქონდეს, - განაცხადა საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თანახმად, აუცილებელია, რომ მსგავსი ძალადობის შემთხვევები გამოძიებული იყოს. „ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლინდეს, ხომ არ აქვს ამას ორგანიზებული სახე და არის თუ არა ეს რაღაც ეპიზოდებად დაყოფილი. ასევე, მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ამ ქმედებებს გარკვეულწილად, შეიძლება, ახალისებდეს კიდეც, აუცილებლად უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ქურდოვანიძემ. მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს „პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მოვუწოდებთ NGO-ებს და მოვუწოდებთ ბუნებრივია, მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა, ნუ დაარქმევენ ვერბალურ, თუ ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე და ხედავთ, რომ ძალადობის კონკრეტული ფაქტები იყო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ნუ წაახალისებენ ნურც ფიზიკურ და ნურც ვერბალურ ძალადობას“, - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას 28 ივნისს. ის გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც „აუცილებელი მოგერიების პირობებში“ „ხელებს დაალეწვაზე“ საუბრობდა.  

საია: 8 მარტის აქციაზე დაკავებულების პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის, შსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამართალდამრღვევად ცნო

საიას თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის. მისივე ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს-ს, სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. „საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს. კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ცნობები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უკვე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემურია უწყებაში მსგავსი პრობლემების სისტემური გადაწყვეტა. განმცხადებლების ინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საია წარმოადგენდა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში. ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს”, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საია: 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული

2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს ცნობით, რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. „2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ, მათი ასოცირება თანმხლები პირებისა და სხვადასხვა აქსესუარის გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის, თბილისის პროკურატურასთან, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. ამ პერიოდის განმავლობაში ზემოთ ხსენებულ უწყებებში გაგზავნილია 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი, რომლებზეც რეაგირება ძირითადად ჯეროვნად არ ხდებოდა. გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავასა და დეა მამისეიშვილის საქმეზე. ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და თითოეულ ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, სხვა პირების ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში, ბრალდებულები გამართლდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში. ამ პირებთან მიმართებით, სასამართლომ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები განიხილება უზენაეს სასამართლოში. დღესდღეობით ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები. მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი. საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში. ამასთან, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია, თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. საია მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ არიან, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებისგან არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. საიასთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია. 2022 წლის 4 ნოემბერს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით გააგზავნა საჩივარი. მომჩივნები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით. ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა. მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან. ევროპულმა სასამართლომ საჩივარში სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა სახელმწიფოს, რისთვისაც პასუხის წარმოსადგენად 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა ვადა. სახელმწიფოს თხოვნით, სასამართლოს მიერ შეპასუხების ვადა 2023 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა. ამ დროისთვის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და მხარეთა შორის საპასუხო პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

საია: 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

საია-ს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკატერინე აბაშიძის სარჩელი. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით. „ეკატერინე აბაშიძე 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა. სწორედ ამ დროს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიას დახმარებით 15-მდე პირმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. მოსარჩელე მხარე, მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს,“ - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დაზარალებულის ინტერესებს, როგორც სასამართლოში, ისე, საგამოძიებო ორგანოში, წარმოადგენს საია.  

საია: პრეზიდენტი 78-ე მუხლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად მოქმედებდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპოიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი კონსიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად მოქმედებდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ დავას იმპიჩმენტის შესახებ. ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის თითოეული დებულების მისი ნამდვილი მიზნის შესაბამისად განმარტება და მათი პრაქტიკაში გამოყენება. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში - 78-ე მუხლშია ასახული. სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა პრეზიდენტის  მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება. პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი - საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.  შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია. იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს. სრული შეფასება იხილეთ ბმულზე საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა  

საია: მარტის აქციებზე დემონსტრანტებს, უმეტესად, შემთხვევითობის პრინციპით აკავებდნენ

ახალგარზდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. საია-ს შეფასებით, კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. 7-8 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პარალელურად, გამოვლინდა აქციის მონაწილეთა მასობრივი უკანონო დაკავებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ ძალადობის ფაქტებიც. დემონსტრანტებს, უმეტესად, აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით, კერძოდ - არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს ინდივიდუალურად, არამედ ხშირად მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, „ხელში მოჰყვებოდათ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 7-8 მარტს ადმინისტრაციული წესით სულ 146 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე სულ 55 ზარი შევიდა. სახალხო დამცველმა მოინახულა 101 დაკავებული პირი, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ თბილისისა და სხვა რეგიონების დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საიას ინფორმაციით, 09.03-13.03 (ჩათვლით) პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე სულ 203 ზარი შევიდა, რომლებიც 7-9 მარტს დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას უკავშირდებოდა, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში მომზადდა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია.  

საია: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს. სიას ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. „2023 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით მიენიჭოს. ეს დათქმები, მათ შორის, მოიცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებსა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს გამოწვევები შემდეგი მიმართულებებით შეგვიძლია შევაჯამოთ: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა. 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ არიას ნახსენები ლგბტ+ ადამიანები და მათი უფლებები,“ - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სრული შეფასება იხილეთ ბმულზე. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.

საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები წარადგინა

საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა. საიას ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საიამ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა. როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, სარჩელის შეტანის დროისთვის, მოპასუხედ მითითებულ საჯარო დაწესებულებებს საია-სთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მათ განცხადებები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. „საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა. ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებში, სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე მიუთითებენ, საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით. გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მათივე ცნობით, მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. „დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით, 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები. არსებითი განხილვის ეტაპი: 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“ ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არგადაცემა არღვევდა კონვენციის 38-ე მუხლს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დაადგინა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოში ასევე შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (no. 39611/18), რომელიც ევროპულმა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა 2023 წლის 28 მარტს. საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისო საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სახელმწიფოს საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის სამაგალითო შემთხვევებს და განხილული იქნება ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ დავაში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად. გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით. საია აღნიშნულ საქმეს ახორციელებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში,“ - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საია: სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის ნაცვლად სხვა თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა

არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა ადამიანის დანიშვნა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა,“ - აცხადებს საია. გოგა რაზმაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია იცავს. „2023 წლის 12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე,“ - წერს საია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, 10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, “მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო.“ „შესაბამისად, გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას,“ - წერს საია. გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.

შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა – საია

საია-ს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა. ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საიას განცხადებით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, შსს-ის დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს (რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით, 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ის მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება. საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არ არის შესული. შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რომლის დროსაც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა. გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კ,ი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს. 22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

საია „სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების“ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საია აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები. ასევე საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაწოდოს ადვოკატებს ადგილზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. „2024 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. საყურადღებოა, რომ მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება. როგორც ირკვევა სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. გარდა ამისა, გამოსახლების პროცედურას დაქვემდებარებული არაერთი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ძირითადად იგნორირებულია გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მოწყვლადობის შეფასება, მათ შორის, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკები. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ასევე, არის სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალური გარანტიები. კერძოდ, იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკურებულ შემთხვევებში და აუცილებელია იგი განხორციელდეს კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის შესაბამისად. ამას გარდა, ადეკვატური დაცვის გარეშე პირის იძულებით გამოსახლება არ შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის მოთხოვნებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა). ამასთან, ზოგიერთი აქტიური თუ პასიური საშუალების, როგორც საპოლიციო ძალის გამოყენება ასეთ ვითარებაში, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით. ამ სტანდარტების დაცვის აუცილებლობას დღის წესრიგში კიდევ უფრო აყენებს ის ფაქტი, რომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს “ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი ცოდნით და გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესით. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ინტერესების ხელყოფის საფრთხე შესაძლოა, იქმნებოდეს აშკარად კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად, ერთ-ერთი მხარის მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უშვებს.“ აუცილებელია, ხელისუფლებამ შეასრულოს იმგვარი როლი, რომლითაც, ერთი მხრივ, ხელშეკრულების სუსტ მხარეს დაიცავს კაბალური პირობებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აღსრულების პროცესს, როგორც ყველაზე მზღუდავ ღონისძიებას, გამოიყენებს ადამიანის უფლებების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. დამატებით, აღსანიშნავია, რომ გამოსახლების წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტის მიმდინარეობისას, როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებით დგინდება, პოლიციამ ადგილზე მყოფი 20 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. ასევე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებისგან ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. გავრცელებული ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაბრკოლების გარეშე შეხვდნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს. მოვუწოდებთ: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს - მიაწოდოს ადვოკატებს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტს / საქართველოს მთავრობას - დაიცვან სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ ყველა ზომას, რათა, უზრუნველყონ ხელშეკრულების სუსტი მხარის კაბალური პირობებისგან დაცვა; ასევე, უზრუნველყონ, აღსრულების პროცედურა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს,”- წერია განცხადებაში.

საია: ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა ლოიალურია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 ანგარიშში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა, ნათქვამია, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას. დოკუმენტში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას. საიას განმარტებით, ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას. „სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები შემდეგია: პირველი წარდგენის სხდომები- სხდომებზე სასამართლო ბრალდებულებს, უმეტესად, უფარდებს აღკვეთის ღონისძიებას. წლებია, საია საუბრობს, რომ სასამართლო უალტერნატივოდ იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას. ორგანიზაციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საკანონმდებლო დონეზე კვლავ არ გაფართოებულა აღკვეთის ღონისძიების არსებული სახეები, რაც მოსამართლეებს მისცემდა გირაოსა და პატიმრობის ალტერნატიული ეფექტიანი ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობას; ბრალდების მხარე 310 (98%) პირის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. სასამართლომ 175 (63%) სხდომაზე 189 (62%) პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 102 (36%) სხდომაზე 112 (37) პირს - პატიმრობა, 2 (1%) სხდომაზე კი 2 (1%) პირის მიმართ გამოიყენა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმება - კვლავ მაღალია გირაოს და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენების მაჩვენებელი. პროკურატურა ბრალდებულის პიროვნების, მისი ქონებრივი მდგომარეობისა და ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხეების შესასწავლად ყველა შემთხვევაში არ ცდილობს, მოიპოვოს და სასამართლოში წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სრულყოფილი ინფორმაცია; საანგარიშო პერიოდში 81 (43%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი, თანხის ოდენობის შესაბამისობა ან/და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა არ იყო თანხვედრაში; აღსანიშნავია, რომ 31 (16%) ბრალდებულს შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს გამოყენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ აღმოფხვრა ის ბუნდოვანება, რომელზე აპელირებითაც ზოგიერთი მოსამართლე დაკავებულ პირთა მიმართ უაპელაციოდ იყენებდა პატიმრობით უზრუნველყოფილ გირაოს; სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, 64 (34%) ბრალდებულს დააკისრა დამატებითი ვალდებულება. კვლავ პრობლემაა ის ფაქტი, რომ მხარეს, აღკვეთის ღონისძიებისგან დამოუკიდებლად, არ აქვს დამატებითი ვალდებულების ზედა ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. სათანადო სასამართლო კონტროლი და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პირველი წარდგენის 183 (59%) სხდომაზე 177 (56%) ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით, რაც, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კვლავ პრობლემად რჩება დაკავების კანონიერების საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვა. გაუგებარია, სასამართლოს რატომ არ აქვს მოტივაცია, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით საჯარო სხდომაზე მოისმინოს მხარეთა პოზიციები; ოთხმა ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; საპროცესო შეთანხმებები - არ ხორციელდება ჯეროვანი სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე. სასამართლომ 217 საპროცესო შეთანხმების სხდომიდან (248 პირის მიმართ) მხოლოდ 2 (1%) შეთანხმება არ დაამტკიცა; უმეტესად ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო აკნინებს სასამართლოს როლს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში; ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება იდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ [53 (22%)], ნარკოტიკულ [48 (20%)] და მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე [32 (13%)]; დაკვირვებამ აჩვენა, რომ 61 (28%) სხდომაზე პროკურორის მიერ შუამდგომლობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა, ბრალდების მხარემ წაიკითხა საპროცესო შეთანხმების პირობები და საქმის გარემოებებზე არ უსაუბრია. საპროცესო შეთანხმებები მცირე დროში განიხილება. საანგარიშო პერიოდში საპროცესო შეთანხმების სხდომათა 50% (108 სხდომა) 15 წუთამდე დროში დასრულდა; საგრძნობლადაა გაზრდილი საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის საშუალო ოდენობა და 4746 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში ის 3451 ლარი იყო. სასამართლოს მონიტორინგი აჩვენებს, რომ ჯარიმის საშუალო ოდენობა, ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, მზარდია. სხდომების გადადება და დაგვიანებით დაწყება; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაჭიანურებული სამართალწარმოება - კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის ვადების დარღვევა და წლების განმავლობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები. პრობლემად რჩება სხდომების ხშირი გადადება და დაგვიანებით დაწყება; საიამ მონიტორინგი გაუწია არსებითი განხილვის 247 სხდომას 484 პირის მიმართ. აქედან 88 (36%) სხდომა გადაიდო. არსებითი განხილვის დროს სხდომათა გადადების მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 3%-ითაა შემცირებული; არსებითი განხილვის 247 სხდომიდან 92 (37%) მათგანი დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, უმეტესად, იყო მოსამართლის დაგვიანება - 32 (35%) შემთხვევაში, ხოლო ადვოკატის დაგვიანება - 22 (24%) შემთხვევაში. ასევე, 9 (10%) შემთხვევაში ამის მიზეზი იყო პროკურორის დაგვიანება, ხოლო 5-ში (5%) - პენიტენციური სამსახურის მხრიდან ბრალდების დროულად წარმოუდგენლობა. სხვა პროცესის იმავე სხდომის დარბაზში გაგრძელების მიზეზით სხდომა დაგვიანებით დაიწყო 7 (8%) შემთხვევაში, ბრალდებულის დაგვიანების გამო - 1 (1%), ხოლო სხვა მიზეზით - 16 (17%) შემთხვევაში,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საიას ცნობით, ოჯახური დანაშაულები - 315 პირის მიმართ ჩატარებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომიდან 81 პირის (26%) საქმე ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა. „სასამართლომ 30 (37%) მათგანის მიმართ პატიმრობა, 47-ის (58%) მიმართ კი, გირაო გამოიყენა. 1 (1%) პირს შეეფარდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ხოლო 3 (4%) შემთხვევაში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საიას მონიტორინგს არ გამოუვლენია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევა; მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი. საიას მონიტორინგს დაქვემდებარებული 247 არსებითი განხილვის სხდომიდან 48 (19%) მათგანი ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობის საქმეს შეეხებოდა. ამ ტიპის საქმეებზე სასამართლომ სასჯელის სახედ, უმეტესად, გამოიყენა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (6 (50%) შემთხვევა), ხოლო 4 (29%) შემთხვევაში - პირობითი მსჯავრი,” - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საიას ინფორმაციით, მონიტორინგისას გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. „გამოწვევაა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება - პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია, უმეტესად, არ ქვეყნდება. სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ამუშავებენ, მაშინ, როცა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო უწყებების მოვალეობაა. ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მოიცავს მოთხოვნის არსებობისას იმ მონაცემების დამუშავებასაც, რომლებსაც უწყება საკუთარი სურვილით არ აქვეყნებს; კვლავ პრობლემაა პროკურორის დადგენილებით ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დაუსაბუთებლად შეზღუდვა. ამასთანავე, საიას აზრით, ბრალდებულთათვის ადვოკატებთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ფენილკეტონურიის არასწორი დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიებს 33 ათასის გადახდა დააკისრეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორ სამედიცინო დაწესებულებას — შპს “მედიკალ სოფტსა“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ — 32 869 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის ფარგლებში შემოწმებისას, არასწორი დიაგნოზი დაუსვეს ჩვილს, რამაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. „ბავშვს დაბადებისთანავე ჩაუტარდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი სამ თანდაყოლილ დაავადებაზე, მათ შორის, ფენილკეტონურიაზე. სკრინინგის შედეგების მიხედვით, ბავშვს არ ჰქონდა არც ერთი დაავადება, შესაბამისად, სკრინინგის განხორციელების პროცესში მონაწილე დაწესებულებები ბავშვის მშობლებს არ დაკავშირებიან […] მოსარჩელეს, ადრეულ ასაკში შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, ვინაიდან, არასწორი დიაგნოსტირების გამო, ოჯახისთვის უცნობი იყო, ბავშვს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამდენად, მკურნალობის პროცესში გამოყენებული მეთოდები აღმოჩნდა ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობისთვის შეუსაბამო, რამაც გამოიწვია ბავშვის ასაკობრივი განვითარების შეფერხება. სკრინინგის ჩატარებიდან 4 წლის შემდეგ, დადგინდა, რომ შედეგები იყო მცდარი და ბავშვს დაბადებიდან ჰქონდა ფენილკეტონურია” — აცხადებენ ორგანიზაციაში. საია-ში განმარტავენ, რომ თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, სკრინინგის განმახორციელებელმა დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მშობლეს და დაგეგმოს დამატებითი კვლევები. თუ დაწესებულება მშობელს არ დაუკავშირდა, იგულისხმება, რომ რომ პასუხი უარყოფითია. აღნიშნულ საქმეზე ვიდეო მოამზადა სტუდია „მონიტორმა“, სადაც ბავშვის დედა თეონა გუბელაძე ჰყვება შექმნილი პრობლემის შესახებ. ფენილკეტონურია არის მემკვიდრული ტიპის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რა დროსაც აღინიშნება ფერმენტ ფენილანალინ-ჰიდროქსილაზის ნაკლებობა ან არარსებობა, მისი სინთეზის დარღვევის გამო. დროული დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება ექვემდებარება მართვას. თანდაყოლილ დაავადებებთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურას ატარებს სახელმწიფოს მიერ შერჩეული ლაბორატორიული დაწესებულება.  

არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საია მოუწოდებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით.“ „მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად,“ - ნათქვამია განცხადებაში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება). პარალელურად პარლამენტის ორ გვერდითა მხარეს და თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. „შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული,“ - აცხადებს თბილისის მერია. პარლამენტთან ვითარება დაძაბულია.  

საია: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საჩივრებზე, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილს 22 პირის სახელით მიმართა. მათ შორის, არიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებდნენ. „საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, განაცხადა რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: - გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა; - დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა; - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; გამოძიების არაეფექტიანობა - რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 1. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი და დაზარალებულთა არაეფექტიან ჩართულობას: 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურებას; 3. საჭირო საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობას; 4. ჩადენილ დანაშაულთა არასწორ კვალიფიკაციასა; 5. დამნაშავეთა დაუსჯელობას. ზემოთხსენებულ დარღვევებთან ერთად, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებმა ასევე, გამოკვეთა აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელდობრ, აქტიური სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რეზინის ტყვიების) გამოყენების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო, კონკრეტულ შემთხვევებში მკაცრი სიზუსტით არ ადგენს ნორმის ადრესატებისთვის თუ რა შემთხვევაში, როდის, და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ძალის გამოყენება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: - ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა (პარაგრაფი 217); - სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში (პარაგრაფი 220); - სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი (პარაგრაფი 221); - არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის (პარაგრაფი 222); - სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა, რაც მყისიერ სისტემურ რეაგირებასა და გამოსწორებას საჭიროებს,“ წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისში, საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ათასობით ადამიანი თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი. გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი, გიორგი გახარია იყო.  

საია იმ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა - საუბარია 2263 საარჩევნო უბანზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 3111 საარჩევნო უბანი გახსნა. საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრები უკვე წარუდგინა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველია, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების გაბათილება არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. „საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე. ის ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციამ 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, რამდენიმე ასეული დარღვევა დააფიქსირა. მისიას ჯამში წარდგენილი აქვს: 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე; კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა; გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციული უბნის შედეგების გაბათილება; 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა; 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ცესკოს განმარტებით, ხმის ფარულობა დაცული იყო მაშინაც კი, თუ მონიშვნა მეორე მხრიდან ჩანდა შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი კი, ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. „ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%. ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. 27 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მან მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდა. მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს. მანამდე მან შეხვედრები გამართა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მას დარღვევების შესახებ ესაუბრნენ. „მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა – ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. 27 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. მოუწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, „შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.“ ევროკავშირი „ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.“ 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა დიდმა ბრიტანეთმა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ის ეუთო-ოდირის ანგარიშიდან ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომ „ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები კი, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელურად, 28 ოქტომბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა. ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მოგვიანებით, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთელ განაცხადეს: „გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ.“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო: „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს. ჯო ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“აშშ-მ დაგმო საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა და შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“ შვედეთის მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებენ, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. 29 ოქტომბერს, ცესკომ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე განცხადებებთან დაკავშირებით. 29 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, „გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე როგორ აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოს არჩევნებს ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას  

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე: ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის განცხადებით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით. „სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი. საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად,“ აცხადებს საია. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი ფარულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტინით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე," - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, მისი თქმით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე. „სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე, არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი,“ აღნიშნა მოსამართლემ. მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მისი თქმით, მხარემ - სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც არ ესწრება დღევანდელ სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოადგენაზე. ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. მოსამართლის შეფასებით, ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. „დღევანდელ სხდომას არ ესწრება არცერთი მესამე პირი, რომელიც ჩართული იყო საოლქო კომისიებიდან და როგორც მხარემ აღნიშნა, „უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი,“ რაც სასამართლოსათვის ყოვლად მიუღებელია. ასევე, მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის, როცა სხვა მასალები სხვანაირ ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს საკუთარი რწმენა და წარმოდგენა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და მინდა, ვუსურვო ყველას, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, რომ ყველა ჩვენგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული. არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ, გამორიცხული,“ აღნიშნა მოსამართლემ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლომ გამოითხოვა და რაიმე შუამდგომლობა და პოზიცია მხარეებს არ წარმოუდგენიათ. ვლადიმერ ხუჭუას თქმით, გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად კანონმდელობაში შეიძლება, არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რაც მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას. „მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს აღმოფხვრილი. ეს განსაკუთრებით შეხება საქმეში არსებულ წერილობით მიმოწერას, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პირდაპირ წერილობით პირობას დებს, რომ საარჩევნო პროცესში სხვაგვარი საარჩევნო ბიულეტენები იქნება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს - ეს არის ჩვენი საარჩევნო უფლება, ეს არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები არ იძლეოდა ანონიმურობის გამორიცხვის შესაძლებლობას, და ასევე არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საარჩევნო კანონმდებლობა ცალსახად აძლევს საქართველოს მოქალაქეს გარანტიას, რომ მისი საარჩევნო უფლება იქნება დაცული და მისი არჩევნების ნების გამოხატვის ფარულობა იქნება გარანტირებული. არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება, არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით,” - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ  

ევროსასამართლომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა. ორგანიზაციის ცნობით, "აგენტების კანონი" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრეს. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ," - წერია საიას განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.