თეგი: საიდუმლო გრიფი
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი: მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პასუხს ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტისადმი მის ღია წერილს მოჰყვა. „მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის - რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი. ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის. გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ 21 თებერვალს გამართული ბრიფინგიდან მიუთითა, რომ მისი მოთხოვნის ადრესატი არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობაა. საუბარია სააკაშვილის ღია წერილის იმ ნაწილზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებულ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ეხებოდა. „თქვენ შეგიძლიათ, საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში", - მიმართა ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს. პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში ს ადანაშაულებს. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ასამართლებენ. ასევე წაიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს