თეგი: სამედიცინო მუშაკი
ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება 1260, ექთნებისთვის კი, 792 ლარით განისაზღვრება
მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარით განისაზღვრება. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ ხელფასის ეს ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული. „ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიმდინარეობდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა. ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის დარიცხული 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში კი, დარიცხული 1260 ლარი. იყო სპეკულირება, რომ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს არის დაბალი იმ შრომასთან, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, ეს დაბალია, თუმცა არის მინიმალური და არა ფიქსირებული", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.