თეგი: სამედიცინო პერსონალი
ზურაბ აზარაშვილი: დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება იზრდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც. „დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება. საშუალო ანაზღაურება მთლიანად 1000 ადამიანს შეეხება. ექთნების შემთხვევაში 100%-ით გაიზარდა მათი ანაზღაურება და დღეიდან მიიღებენ გაორმაგებულ ანაზღაურებას. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეუძლია სახელმწიფოს მათი დაფინანსების ფარგლებში და შესაძლებლობა, რაც შეგვეძლო სამედიცინო პერსონალისთვის გაგვეკეთებინა პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ღირსეულ, ადეკვატურ ანაზღაურებამდე კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, მაგრამ ეს არის ის, რაც დღეისათვის გავაკეთეთ. ეს ბევრ კერძო კლინიკასთნ მიმართებაში საკმაოდ კონკურენტულია და გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთ კერძო კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ, ისევ დარჩენილია დაბალი ანაზღაურება“, - განაცხადა აზარაშვილმა.