თეგი: სამველ კარაპეტიანი

სომხეთში, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს

სომხეთში ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია „ძლიერი სომხეთი“ დაარეგისტრირეს. ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, პარტია „ძლიერი სომხეთი“ დარეგისტრირებულია ალექსან ალექსანიანის, აშოტ ფარსიანის და ლენა მატევოსიანის მიერ, რომლებიც მოძრაობა „ჩვენი გზის“ წევრები არიან. პარტია რეგისტრირებულია „ტაშირის“ კომპანიების ჯგუფის ერევნის ოფისში. მოძრაობის პრესმდივანმა, მარიანა კაგრამანიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით საორგანიზაციო მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში პოლიტიკური ძალა მკაფიო დღის წესრიგს და სომხეთის განვითარების ხედვას წარმოადგენს. აღნიშნული პარტია 2025 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად პრო-სომხური ერქვა. „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს. ბიზნესმენი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, 18 ნოემბერს კი მისი წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივეს. სამველ კარაპეტიანს ბრალად ედება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჯარო მოწოდება, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება. მისი ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებენ კარაპეტიანის მიერ 2025 წლის ივნისში სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან, გარეგინ II-სთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა (ასკ) და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის კონფლიქტის ფონზე. კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისი დაპატიმრების შემდეგ, სომხეთის მთავრობამ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო.  

სომხეთში, მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობის დათმობას გეგმავს

პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა და ბიზნესმაგნატმა სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ უარს ამბობს რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეობაზე, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მან ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე გააკეთა. მას ფულის გათეთრებასა და სახელმწიფო გადატრიალებისკენ საჯარო მოწოდებებს ედავებიან, რასაც თავად უარყოფს. სამველ კარაპეტიანი ანტიკორუფციულ სასამართლოში მიიყვანეს. ათთვიანი გამოძიების შემდეგ, სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი 15 აპრილს დაიწყო.  „ვინაიდან არჩევნებში ვმონაწილეობ და დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, გადავწყვიტე, დავიწყო ამ პასპორტებზე უარის თქმის პროცესი,“ – განაცხადა სამველ კარაპეტიანმა პირველი სასამართლო მოსმენის დროს. სისხლის სამართლის საქმე გასულ წელს დაიწყო და კარაპეტიანი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, ვიდრე გირაოთი გაათავისუფლებდნენ. მას შემდეგ ის შინაპატიმრობაში იმყოფება. კარაპეტიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ მან უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი უკვე დაიწყო. ცნობისთვის, სომხეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისთვის, კონსტიტუცია ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრებას და ამ პერიოდში მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის ქონას მოითხოვს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, პარტია „ძლიერ სომხეთს“ 11%-იანი მხარდაჭერა აქვს.  „ძლიერი სომხეთი“ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არსებული მოთხოვნების შესაცვლელად და კარაპეტიანის პრემიერად არჩევის უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიმუშავებს. სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. დღეს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში ივნისის არჩევნების წინ, პრორუსული ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს. ანტიკორუფციულმა კომიტეტმა არტაშატში, პარტია „ძლიერი სომხეთის“ სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. 14 ადამიანი საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. სომხეთში, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირეს