თეგი: სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.