თეგი: სამუშაო ადგილები
ლევან დავითაშვილი: სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოსი. ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია აქაც ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ - განაცხადა მინისტრმა.
მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს. მოსკოვის მერის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან დედაქალაქში 300-მდე კომპანია დაიხურა, რომელიც უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობით იყო შექმნილი. რუსეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას დაამტკიცა $41 მილიონის მოცულობის პროგრამა მოსკოვში დასაქმების მხარდასაჭერად, ტრენინგების და დროებითი, "სოციალურად მნიშვნელოვანი" სამუშაოს გამოყოფის გზით - წერს სობიანინი თავის ბლოგში. სობიანინის თქმით, დამტკიცებული პროგრამის მიზანია 58 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა, რომლებმაც უცხოურ კომპანიებში დაკარგეს სამუშაო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა
საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ღარიბაშვილი „ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.