თეგი: სამხედრო ავიაციის დღე
19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა
19 სექტემბერი სამხედრო ავიაციის დღეა. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „1921 წლის თებერვალში, ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც, თბილისთან, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც, 1993 წელს, მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 1995 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალებს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა. 1998 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა და მათ სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წლის გაზაფხულზე, სამხედრო-საჰაერო ძალები, საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაშია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 1992 წელს, სწორედ 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. „1992-1993 წლებში, საქართველოს სამხედრო ავიაცია აქტიურად ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რა დროსაც, ქართულმა სუ- 25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა 217, ხოლო შვეულმფრენებმა 360 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიურად მონაწილეობდა, სადაც ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა და შვეულმფრენებმა, მოწინააღმდეგის ქვეით და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანეს. ბოლოხანს, ქართულ სამხედრო ავიაციაში მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის კვალიფიკაცია და საბრძოლო მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა, რაც სწავლებებისა და წვრთნების კუთხით, ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, ქართული სამხედრო განათლების სისტემა დაიხვეწა, შედეგად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ავიაციის ოფიცრებსა და სერჟანტებს ამზადებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.