თეგი: სამხედრო თანამშრომლობა
თურქეთმა და ყაზახეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მოცემული. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ყაზახეთსა და თურქეთს შორის. თავის მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა თავდაცვის კუთხით თურქეთ-ყაზახეთის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას, „მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში“.
ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს
ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. ამ ზომებს პეკინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ მიმართავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აჩერებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებზე. მანამდე, ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის მიერ აშშ-ის ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. ჩინეთი ტაივანის სანაპიროებთან ექვს ზონაში სამხედრო წვრთნებს ატარებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ხუთშაბათს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი