თეგი: სამხრეთ კავკასიური მილსადენი
აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაძლიერებლად, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიმძლავრეს აფართოებს - მედია
აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სურს, ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის ამოცანა შეასრულოს. „2021 წელს ევროპას სულ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება; 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ წლიურ ექსპორტს 16 მილიარდი კუბური მეტრამდე,“ განუცხადა Trend-ს წყარომ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება. ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) არის ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ახდენს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სანგაჩალის ტერმინალიდან (შეიქმნა შაჰდენიზის საბადოს ექსპლუატაციის პირველ ფაზაში) საქართველო–თურქეთის საზღვრამდე. SCP მილსადენი პარალელურად მიჰყვება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნედლი ნავთობის მილსადენს აზერბაიჯანსა და საქართველოში და გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ის უერთდება თურქეთის ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემას. სამშენებლო პროცესი დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2006 წლის ბოლოს. მილსადენის სიგრძეა 690 კმ, დიამეტრი – 42’’, ხოლო სისტემის საპროექტო წარმადობა – 7მლრდ. კუბ. მ. (მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში დაიწყო 2006 წლის სექტემბერში. 2010 წელს SCP- ს დღიური გამტარიანობა იყო დაახლოებით 12.5 მილიონი კუბური მეტრი აირი, ანუ დაახლოებით 73,500 ბარელი ნავთობის ექვივალენტი დღეში. SCP–ს ადგილმდებარეობას ასახავს სურათი 1-1, სადაც SCP–ს აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაკვეთები აღნიშნულია წითლად, ხოლო თურქეთის გადამცემი სისტემა ქალაქ ერზერუმამდე – ლურჯად.