თეგი: სანდრო ბაზაძე

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ტუნისის გრან პრის პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს. „29 წლის მოფარიკავემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძე გრან პრის (ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან) პირველი ქართველი გამარჯვებულია! ტუნისის გრან პრის ფინალში სანდრომ იტალიელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15-8 დაამარცხა!“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.  

სანდრო ბაზაძე: ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ, მაგრამ ფარიკაობას თავს არ დავანებებ

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ ფარიკაობა ის სპორტია, სადაც წლებია, „განუკითხაობაა და საშინელებები ხდება.“ „ყველგან ამას ვამბობდი, მსაჯი თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი,“ - წერს ბაზაძე . სანდრო ბაზაძე ამბობს, რომ ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონობა, პირველივე დღიდანვე მისი მიზანი იყო, მაგრამ მას „ამის საშუალება არ მისცეს: „მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი,“ - წერს სანდრო ბაზაძე. შეგახსენებთ, ქართველი მოფარიკავე ოლიმპიადაზე ასპარეზობას 1/8 ფინალური ეტაპიდან, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ გამოეთიშა, რასაც სანდრო ბაზაძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.  "საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ, სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი," წერს ფარიკაობის ფედერაცია გავრცელებულ განცხადებაში.