თეგი: საოლქო საარჩევნო კომისიები

შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

რუსთავისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 131 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 206 მსურველის განაცხადი. მათგან 54-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია. „მნიშვნელოვანია, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან: 13 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი; 12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი; 11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრი; 10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი; ცხრა ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები და არჩევის პროცესი საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ჩვენთვის პრიორიტეტულია შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ამ პროცესის ერთ- ერთ პირველ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა. სწორედ დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ვაკანტური ადგილების შესავსებად 10-ვე საარჩევნო ოლქში. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა როგორც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, რადგან 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში. რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – კონკურსი გამოცხადებულია №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია. აქვე შეგახსენებთ, რომ საბუთები მიიღება დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ, მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს – 2 51 00 51“, – განაცხადა პრესსპიკერმა.