თეგი: სატრანსპორტო დარგები
ლევან დავითაშვილი: 2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს
2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6%-ით მეტი ტვირთი გადაზიდეს, - ამის შესახებვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ საერთაშორისო გადამზიდველების ინტერესი მზარდია. „საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას. საქართველოზე გადის უმოკლესი სახმელეთო გზა ევროპასა და აზიას შორის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ დერეფანში მეტი გადამზიდველის შემოყვანას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.2% -ით მეტია, რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.1%-ით მეტია. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.9%-ით მეტია. მათ შორის, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. ასევე მზარდია მგზართნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 122.3 მლნ. მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.0%-ით მეტია. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებით 20,7%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რკინიგზით - 152%-ით მეტმა, ხოლო სამოქალაქო ავიაციით - 188.9%-ით მეტმა.