თეგი: სატრანსპორტო კომპანია
კახა კალაძე: მეტროს სადგურებში ე.წ. გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. კახა კალაძის თქმით, საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მხრიდან ე.წ. გამტარებლების უკანონო საქმიანობის გამოვლენის ფაქტს ასახავს. „მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მომავალ შაბათ-კვირას თბილისის მეტროს პირველი ხაზი სრულად არ იმუშავებს
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები ზონალური სქემით იმოძრავებენ. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაო იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ. „მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - იტყობინება კომპანია. მეტროსადგური „გოცირიძე“ 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა, რასაც დავთანხმდით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 11 აგვისტოს განაცხადა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. ამის შესახებ მგზავრები ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებენ. მათივე ცნობით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ის უვნებლად ამოიყვანეს, მანამდე, მგზავრებს ვაგონების დაცლისკენ მოუწოდეს. „საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ, ამიტომ, მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თავის მხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. მისივე თანახმად, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. „ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.