თეგი: საფასური
სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 20 ივნისიდან სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი 200-ლარიანი საფასური, 350 ლარამდე იზრდება. ფინანსთა სამინისტრო სატრანზიტო ტრანსპორტისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის გაძვირებას განმარტავს. “როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე”,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 2021 წელს, საქართველოს დერეფნით სულ 332,000-მა ტრაილერმა ისარგებლა, საიდანაც ბიუჯეტში 66.4 მილიონი ლარის გზათსარგებლობის გადასახადი შევიდა. საქართველოში გზათსარგებლობის საფასური 12 წელია არ შეცვლილა.
ვენეცია, მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ტურისტებისთვის ვიზიტის საფასური შემოიღეს
ვენეციაში, ერთი დღით ჩასულ ტურისტებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადონ. ამის შესახებ Guarddian წერს. ვენეციის ხელისუფლებამ 1-ელ ივლისს ვენეციაში ერთი დღით ჩამსვლელი ტურისტებისთვის ახალი წესები გაასაჯაროვა, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვარში შევა. ტურისტებს, რომლებიც არ აპირებენ ღამის გათევას სასტუმროებში ან სხვა საცხოვრებლებში, უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში იმ დღისთვის, როდესაც გეგმავენ ჩამოსვლას და ერთ ადამიანზე, დაჯავშნის დროიდან და სეზონიდან გამომდინარე 3-დან 10-ევრომდე გადაიხადონ. დამრღვევებს ემუქრებათ 300 ევრომდე ჯარიმა, თუ ისინი შეჩერდებიან და არ წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ დაჯავშნეს და გადაიხადეს ვიზიტი QR კოდის გამოყენებით. ცნობილია, რომ ტურისტების დაახლოებით 80% ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. 2019 წელს, პანდემიამდე ბოლო სრულ ტურისტულ წელს, ვენეციას ეწვია 19 მილიონი დღიური მოგზაური. ვენეციის ტურიზმის კომისარმა, სიმონე ვენტურინიმ უარყო ყოველგვარი წინადადება იმის შესახებ, რომ ღონისძიების მიზანია იტალიის ყველაზე მონახულებადი ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა. „ვინაიდან სასტუმროებისა და პანსიონატების სტუმრები უკვე იხდიან გადასახადს საცხოვრებელზე, ისინი ვენეციაში ვიზიტის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან“, - განაცახდა სიმონე ვენტურინიმ.
მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს - „მოლდოვაგაზი“
„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს. „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით - ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, სხვა ფასების ფორმულა იქნება გამოყენებული, რის გამოც შესყიდვის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.
თურქეთი რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე, შეთანხმებას ადასტურებს
რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლით გადახდის თემაზე კომენტირებისას, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში „თუ მიმწოდებლისა და მომხმარებლის ეროვნული ვალუტა არ არის დოლარი ან ევრო, ბუნებრივია, არის დამატებითი ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია კონვერტაციასთან. ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ფინანსური ხარჯები გადახდისას“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა მისი თქმით, კურსის სხვაობის გამო, ფინანსური ხარჯების პრობლემა ახალი არ არის. „უკვე 3-4 წელია, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე სხვა ქვეყნებიც გადავიდნენ. ამ სტრატეგიას აქვს დამატებითი სარგებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკების ჩართვა, რომლებიც განსაზღვრავენ ვალუტის კურსს და ხელს უწყობენ სახსრების გადარიცხვას“, - დასძინა დონმეზმა.