თეგი: საქართველოს მოქალაქეები
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან საქართველოს ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
"თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა", - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული. „ხუთი პაციენტი აგრძელებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი კაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი სანამ არ ჩათვლის საჭიროდ ისინი კლინიკას არ დატოვებენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, გუშინ ტრაპზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.