თეგი: საქართველო-ევროკავშირი
რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს უყარა კენჭი. 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ეს ანგარიში საქართველოსთვის ისტორიულ მომენტში მოდის 2022 წლის 3 მარტს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი ოფიციალური განაცხადის შემდეგ. ის იძლევა შესაძლებლობას, ახლოდან დავაკვირდეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების (AA) განხორციელებაში მიღწეულ საერთო პროგრესს. კომისიის შემდეგი შეფასების წინ აუცილებელი ქმედებების განხორციელება საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი უნდა იყოს. პოლიტიკური ნებაა საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებას მათი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და მისი გამოყენებაა საჭირო. განხორციელების მიმდინარე ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის მიზნისკენ. ის ეფუძნება ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს და მისი ორგანოებისა და საქართველოსთან დაკავშირებული ძირითადი წევრების საქმიანობას, რაც ასახავს ჩვენი ინსტიტუტის მჭიდრო და მუდმივ ჩართულობას საქართველოსთან“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და მტკიცედ განაგრძოს რეფორმის პრიორიტეტები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კომისიის მოსაზრებაში და რომელიც ასახავს 2021 წლის 19 აპრილს შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას. „ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ დაუყოვნებლივ ნაბიჯებს ამ პრიორიტეტების გადასაჭრელად სამუშაო პროცესის დასაწყებად და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, წარმართონ ეს პროცესი ინკლუზიურად და გამჭვირვალედ; მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას, კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და წვლილი შეიტანონ ამ ძალისხმევაში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინადადებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი და სანდო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წინადადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაგრძელდება მისივე დამსახურებითა და მისი წარმატების საფუძველზე ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესაბამისად, განსაკუთრებით დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით“. „რეზოლუცია ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - ნათქვამია დოკუმენტში.ამასთან, ევროპარლამენტის რეკომენდაციით, სისტემური გზით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, (კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის); ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით; რეზოლუცია იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის უფლება საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, უზრუნველყოს დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი; უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკაონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ საჯარო განცხადებებში; მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნახსენებია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეები.