თეგი: საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატი

NATO-ს სამიტის ფარგლებში, პირველად, საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში შეხვედრა გაიმართა

NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს, როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ურთიერთობათა მზარდ დინამიკას, რაც მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლითა და სხვადასხვა საკითხზე ინტენსიური პოლიტიკური დიალოგით გამოიხატება. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ისაუბრა იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელსაც ქვეყანამ ამ ეტაპისთვის მიაღწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამას გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის წარმატებულ სამიტზე და განაცხადა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო. ასევე, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ქვეყნების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის ფონზე,“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში. მიისვე თანახმად, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რეგიონული პარტნიორობის პლატფორმები მზარდ მნიშვნელობას იძენს. „აღსანიშნავია, რომ სამუშაო საუზმე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.