თეგი: საქართველო-უზბეკეთი
ტაშკენტში, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა
2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართულ საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. "ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე გაფორმებულ დოკუმენტებს შორის არის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, ასევე „,საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობა დაფუძნებულია მრავალწლიან ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთა, დავითაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული სხდომა საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელმაც კიდევ უფრო დინამიური უნდა გახადოს საქართველო-უზბეკეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული ინტერაქცია“, - აღნიშნა დავითაშვილმა. ცნობისთვის: საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია უკვე წლების განმავლობაში მუშაობს და მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ვაჭრობა, სატრანსპორტო საკითხები, ლოგისტიკა, სასაქონლო ტარიფები, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.