თეგი: სახელმწიფო ბიუჯეტი
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში 4 პირი მისცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს და გამოიყენეს, რა გზითაც 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნეს, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისთვის პროკურატურამ 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2021 წლებში სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტის სახელით, ბრალდებულები ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 498 978 ლარს დაეუფლნენ. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფლობდნენ „უმოქმედო კომპანიებს“, რომელთა სახელით დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე ე.წ. დღგ-ს ფიქტიურ აქტივს ქმნიდნენ, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად იყენებდნენ. ამ გზით ბრალდებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით, 277 823 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თანხის დარჩენილი ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავიანთ მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე რიცხავდნენ და ანაღდებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ხსენებული პირები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 221 155 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 აპრილს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდება 4 პირს - სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება); სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება); 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 2 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა, ხოლო 2 პირს - გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.