თეგი: საჯარო მოხელე
ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო მოხელის ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება
საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. „საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის. მათი წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით. ამ მიღწევათა გასაგრძელებლად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაძლიერებლად აუცილებელია რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, რესურსებისა და პოტენციალის შეფასება და ანალიზი, მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამ პროცესებში საჯარო მოხელეებს საკვანძო როლი აკისრიათ. საქართველოს მთავრობა კვლავაც აგრძელებს საჯარო მმართველობისა და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - საჯარო სამსახურის რეფორმას, რაც გულისხმობს ევროპული პრინციპების დამკვიდრებას და ინსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფას. მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს და შემდგომ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ საჯარო მოხელეს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
პროკურატურამ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „პროკურატურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. ოთხივე პირს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, ხოლო ორ ბრალდებულს ასევე დამატებით წარედგინა ბრალდება საჯარო მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის მიმართ, მისი გარდაცვალების გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო. პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.