თეგი: საჰაერო იერიში
ქალმა კიევის მეტროში იმშობიარა
კიევზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, მოსახლეობა ქალაქის მეტროს სადგურებს აფარებს თავს. რამდენიმე საათის წინ Telegram-ის ღია ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალმა მეტროში იმშობიარა. ინფორმაცია გაავრცელა BBC-ს მაც.
სირიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
სირიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალებზე მედია ჯერ არ წერს. ცნობისთვის, ინციდენტი სირიაში განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.
პენტაგონი: ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა. პენტაგონმა განაცხადა, რომ ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა. ხომალდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დარტყმამ ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიაყენა, თუმცა არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. პენტაგონის ცნობით, ეს არის "ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი". საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, არცერთი გემი არ დაზიანებულა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ხომალდმა USS Laboon-მა, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებს, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული და ამერიკული ხომალდისკენ მიემართებოდა. ჰუსიტები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს, რისი მიზეზიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომია. თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, ბევრმა გლობალურმა გადამზიდავმა წითელ ზღვაში ოპერაციები შეაჩერა. 23 დეკემბერს, ირანის რევოლუციური გვარდია გიბრალტარის სრუტის დახურვით დაიმუქრა. ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, მოჰამად რეზა ნაყდიმ განაცხადა, რომ ირანი გიბრალტარის სრუტეს დახურავს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას აღარ დაუშვებს, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულების ჩადენას გააგრძელებენ.