თეგი: სემეკი
„თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა
საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის განმარტებით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია, იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს, ან ენერგოომბუდსმენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკ-ს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. „ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკ-ში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული. როგორც მოქალაქეებისთვის ცნობილია, სემეკ-ის სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გადამოწმდება 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ყველა აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა მომართა თუ არა განცხადებით სემეკ-ს. მომხმარებელს თუ სურვილი აქვს, რომ მისი განცხადების საფუძველზე მოხდეს კომუნალური მომსახურების კომპანიის მხრიდან განხორციელებული დარიცხვის შესწავლა, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. სემეკ-თან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე Facebook-ზე სემეკ-ის გვერდის საშუალებით. გარდა ამისა, წერილის ან განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org“, – აცხადებენ სემეკ-ში.
სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ წარადგინა საქმიანობის ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია. საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.
რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ - სემეკის თავმჯდომარე
საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ელექტროენერგიის ნაწილშიც კი იმპორტი დივერსიფიცირებულია, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ საკითხის უფრო მკაფიოდ განსამარტად ხაზს ვუსვამ, რომ თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია დამოკიდებულია იმაზე რომელი მათგანი უფრო იაფ ფასს შესთავაზებს იმპორტიორს. როგორც წესი ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, მოცემულ პერიოდში რა ფასის შეთავაზება შეუძლიათ. ამდენად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის კომპონენტში შესაძლებლობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან შემოვიტანოთ, ხოლო ბუნებრივი გაზის 90%-ზე მეტი ყოველთვის აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან”,-აცხადებს ნარმანია. გასულ წელს საქართველომ 47.9 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტო განახორციელა, რაც წინა წლების იმპორტზე ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკით საქართველომ ელექტროენერგია შემდეგი ქვეყნებისგან იყოდა: აზერბაიჯანი - $28.9 მლნ; რუსეთი - $12 მლნ; თურქეთი - $7 მლნ. 2021 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან ($250 მლნ ) და რუსეთიდან ($70.8 მლნ) ღირებულების გაზი შეისყიდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება. სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. „NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ძირითადი მიზეზია ორი გარემოება. ერთი არის სუფთა მწვანე ენერგია. სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ენერგიის წყაროების ინსტალაცია. ძალიან მარტივია მისი დაყენება როგორც ოჯახში, ასევე კომერციულ ობიექტზე. ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო განვავითარეთ NATO აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმები. ცვლილებების მიხედვით, 100-დან 500 კილოვატამდე გაიზარდა ერთ აბონენტზე დადგმული სიმძლავრის მოცულობა. გარდა ამისა, შესაძლებელია, სადგური დაამონტაჟოთ სხვაგან და ენერგია სხვა ადგილას გამოიყენოთ. ქსელში გატარებაზეც არსებობს ქსელური ტიპის შეღავათები. ამდენად, ბოლო პერიოდში სისტემაში ბევრი სუბიექტი ჩაერთო. თუ 2016-2020 წლებში დადგმული სიმძლავრის მოცულობა 3,5 მეგავატს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 27 მეგავატს აჭარბებს. დადგმული სიმძლავრის 1/3 თბილისზე მოდის, დანარჩენი 2/3 რეგიონებზე“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა. „სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება, უნდა შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს ქმედითი. ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8,5 მლნ ლარია ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც მინიმუმ უნდა დაიხარჯოს 2023 წლის ბოლომდე ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გაიცა რეკომენდაცია, რომ მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა, რომლითაც კომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება. ამის კარგი მაგალითია, როდესაც მცხეთის და თბილისის წყლის შერწყმა მოხდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა. „დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას. დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით ირჩევა, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში ქ. თბილისის მერი და ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას იკავებდა. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს. 2001-2003 წლებში საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საქმიანობდა. დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი სამეცნიერო საქმიანობას დღემდე აგრძელებს,“ - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. სემკის ინფორმაციით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ. „დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით. სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მინდა მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი თუ მათი მხრიდან ადგილი ექნება მომხმარებელთა უფლებების დარღვევას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“. 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.
სემეკი: ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის უცვლელი დარჩა
შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანიის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც. „დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე ტარიფების დადგენისას.'
სემეკ-მა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა
სემეკის ცნობით, კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი მოქალაქეებს ჩამოეწერათ. უწყების განცხადებით, სემეკ-ში 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა და აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. სემეკის განმარტებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში - 730 233 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 348 319 ლარი. „სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც: https://bit.ly/3QiBM2O“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევა. "მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები. ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება. სემეკის შეფასებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. "75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ - კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა. 5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით. სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
სემეკი მოსახლეობას სავარაუდო ინტერნეტ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს. კომისიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას: „ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები. კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში არსებული გარემოების შესასწავლად,“ -- აცხადებენ კომპანიაში.
ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება
პირველი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება. “თელმიკოს” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 29.646 თეთრიდან 26.646 თეთრამდე იაფდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას ტარიფები შემდეგნაირად შემცირდა: 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 18.041 თეთრიდან - 15. 041 თეთრამდე მცირდება. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებაზე 22.053 თერიდან - 19.053 თეთრამდე გაიფადება ფასი; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარების შემთხვევაში 26.537 -დან 23.537 თეთრამდე გაიფდება. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შემცირება გაზრდილ ჰიდროგენერაციას უკავშირდება, ასევე მზარდია ენგურჰესის გამომუშავებაც, რამაც სისტემაში შედარებით მეტი იაფი ელექტროენერგია გააჩინა. ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტი ჩანაცვლდა. რაც შეეხება “ეპ ჯორჯია მიწოდებას”, რომელიც ძირითადად რეგიონებს აწვდის ელექტროენერგიას მის შემთხვევაში ტარიფი 30.879 თეთრიდან 27.879 თეთრამდე მცირდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მოხმარებას, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი 14.731 თეთრამდე იაფდება; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ფასი 18. 707 თეთრამდე შემცირდა; 301 კვტ.სთ-დან და მეტი მოხმარებაზე ტარიფი 23.227 თეთრამდე იაფდება. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.