თეგი: სერგო ფარაჯანოვი
თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. „გავხსენით ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა. ქუჩის სახელდების ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ფასდაუდებელია ფარაჯანოვის ღვაწლი ჩვენი კულტურის და კინოხელოვნების წინაშე. სასიხარულოა, რომ ცნობილი რეჟისორის სახელს სწორედ ის ქუჩა ატარებს, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ გენიალური ხელოვანი სერგო ფარაჯანოვი. „მოხარული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას, სადაც გამოჩენილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ჩვენს ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ ეს გენიალური ხელოვანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიზარდა და დააფასონ მისი უდიდესი ღვაწლი ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში. სერგო ფარაჯანოვმა, თავისი გამორჩეული სტილით, მრავალფეროვნებითა და არასტანდარტული მიდგომებით, მსოფლიო კინოხელოვნებაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია,”- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ. ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და სერგო ფარაჯანოვის მეგობრებმა სამისამართე აბრები დაამონტაჟეს. კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა. სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.