თეგი: სიკვდილით დასჯა
საუდის არაბეთში ტერორიზმისა და სხვა დანაშაულისთვის ერთ დღეში 81 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით
საუდის არაბეთში, 24 საათის განმავლობაში, სიკვდილით 81 კაცი დასაჯეს, მათ შორის, შვიდი იემენელი და ერთი სირიის მოქალაქეა. იტყობინება Reuters-ი. ეს სამეფოში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მასობრივი სიკვდილით დასჯაა. „ეს პირები გასამართლდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის. ამასთან, მათ დანაშაულთა შორისაა ისეთი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისადმი ერთგულების აღთქმა, როგორებიცაა ISIS-ი, „ალ-ქაიდა“ და სხვა. ბრალდებულებს ჰქონდათ ადვოკატის აყვანის უფლება და გარანტირებული იყო ყველა უფლება სასამართლო პროცესის დროს”, - ნათქვამია საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - CCTV
ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე შადიდ აბდულმატინს 21 წლის ქალის, მისი ყოფილი შეყვარებულის განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. განაჩენის მიხედვით, ლოს-ანჯელესში დაბადებულმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 21 წლის მეგობარ ქალს, რომელსაც მასთან ურთიერთობის დასრულება სურდა. აბდულმატინი ქალთან განშორების წინააღმდეგი იყო. ისინი 2019 წლიდან ურთიერთობდნენ. მკვლელობა 2021 წლის ივნისში, ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს მოხდა. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აკვირდება საკითხს, მაგრამ კონფიდენციალურობის გათვალისწინებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უქმდება
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონი მიიღო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსჯავრდადებული სიკვდილით ბოლოს 1981 წელს დასაჯეს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. აფრიკის ქვეყნებში - გვინეაში სიკვდილით დასჯა 2016 წელს, ჩადში 2020 წელს და სიერა-ლეონეში 2021 წელს გაუქმდა.
მედია: ჩრდილოეთ კორეაში ორი მოზარდი, სამხრეთ კორეული ფილმების გავრცელების გამო, სიკვდილით დასაჯეს
ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ სამი მოზარდი სიკვდილით საჯაროდ დასაჯა. ამის შესახებ dailymail წყაროებზე დაყრდნობით წერს. ორი მოზარდი სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და გავრცელებისთვის, ხოლო ერთი დედინაცვალის მკვლელობისთვის გასამართლდა. წყაროს ცნობით მოზარდები სიკვდილით, ოქტომბერში აეროდრომზე დასაჯეს.
ევროპელი ლიდერები ირანის მთავრობას ახალგაზრდა კაცის სიკვდილით დასჯის გამო მკაცრად აკრიტიკებენ
ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი სიკვდილით დასაჯეს - CNN ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი, მოჰსენ შეკარი სიკვდილით დასაჯეს. ის ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს. სასამართლომ მოჰსენ შეკარი დამნაშავედ პირველ ნოემბერს ცნო. მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ის ძალაში დატოვა. CNN-ის ინფორმაციით, მოჰსენ შეკარი „რევოლუციურმა სასამართლომ“ „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ ცნო დამნაშავედ. მისივე თანახმად, ეს იყო პირველი სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია საპროტესტო აქციებთან. მას ბრალი წაუყენეს როგორც მეამბოხეს, რომელმაც სექტემბერში თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და გასამხედროებული ძალის წევრი დაჭრა. ევროპის რამდენიმე მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა ირანი სიკვდილით დასჯის გამო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა Twitter-ზე დაწერა, შეკარი „რეჟიმთან უთანხმოების გამო“ გასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს ცრუ, „ნაჩქარევად მოწყობილ სასამართლო პროცესზე“. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ენ-კლერ ლეჟანდრმა თქვა, რომ საფრანგეთი გმობს სიკვდილით დასჯას „ყველაზე მკაცრად“ და „გაიმეორა თავისი მტკიცე ვალდებულება მშვიდობიანი პროტესტის უფლებისადმი“. მისი თქმით, მომიტინგეების მოთხოვნები „ლეგიტიმურია და მათ უნდა მოუსმინონ“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ თქვა, რომ აღშფოთებულია ირანში დემონსტრანტის „სიკვდილით დასჯის ტრაგიკული ამბით", ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, ფაქტს შემაძრწუნებელი უწოდა. „ირანის რეჟიმი იყენებს აღმაშფოთებელ არაპროპორციულ ჯარიმებს მის მოსახლეობაში ტერორის დასანერგად“. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ მოუწოდა ამჟამინდელ მთავრობას, უფრო ლმობიერი იყოს მომიტინგეების მიმართ. Amnesty International-ის ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით მინიმუმ 21 ადამიანის სიკვდილით დასჯას ითხოვს. CNN წერს, რომ მედიასაშუალება ვერ ამოწმებს ირანში სიკვდილით დასჯილი ადამიანების რაოდენობას, ან ბოლო მონაცემებს დაკავების ან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული დაღუპულთა რიცხვის შესახებ, რადგან ზუსტი მონაცემების დადასტურება შეუძლებელია ირანის მთავრობის პირობებში. ნოემბრის ბოლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ირანი იმყოფება „ადამიანის უფლებების სრულ კრიზისში“. ის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ირანი არეულობაში „თავის უცხოელ მტრებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს“ ადანაშაულებს. სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ „ხუთ ადამიანს, რომლებიც ბრალდებულნი არიან „ბასიჯის“ წევრის, რუჰოლა აჯამიანის მკვლელობაში, სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მათ კი, გასაჩივრების უფლება აქვთ“.
ირანში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. დაკავებულებს - მოჰამად ქარამის და მოჰამად ჰოსეინის - ბრალად დემონსტრაციის დროს სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქარამიმ და ჰოსეინიმ თეირანის მახლობლად მდებარე ქალაქ კარაჯში მოკლეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ბასიჯის“ წევრი რუჰოლა აჯამიანი.
სახელმწიფო დუმა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ავტორებს დაუბრუნებს, მათ შორის 3 გარდაცვლილია
22 წლის წინ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან სიკვდილით დასჯის ამოღებას ითვალისწინებდა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორებს დაუბრუნდებათ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი სიკვდილით დასჯას დღესაც ითვალისწინებს, თუმცა, მის გამოყენებაზე 1996 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სიკვდილით დასჯის აღდგენისკენ. ამ იდეას მათ შორის ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი. კანონპროექტი 2001 წელს, მესამე მოწვევის პარლამენტს წარუდგინა დეპუტატთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ეგორ გაიდარი, ბორის ნემცოვი და სერგეი კოვალიოვი. რუსეთის ეკონომიკური რეფორმების ავტორი ეგორ გაიდარი 2009 წელს გარდაიცვალა. „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წელს, მოსკოვში მოკლეს. უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი კი, 2021 წელს გარდაიცვალა. კანონპროექტის ინიციატორთა შორის იყვნენ: ირინა ხაკამადა, ბორის ნადეჟდინი და პაველ კრაშენინიკოვიც. ადრე ნემცოვის თანაპარტიელი კრაშენინიკოვი ერთადერთია, ვინც ისევ დუმის დეპუტატია და ახლა ის „ედინაია როსიას“ წარმოადგენს.
სინგაპურში, 2004 წლის შემდეგ პირველად, ქალი სიკვდილით დასაჯეს
სინგაპურის 45 წლის მოქალაქე, სარიდევი ჯამანი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო გაასამართლეს, დღეს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის არის პირველი ქალი, რომელიც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. სარიდევი ჯამანს სიკვდილით დასჯა 2018 წელს, 30 გრამი ჰეროინის კონტრაბანდის გამო მიუსაჯეს. ნარკოტიკების პოლიტიკის გლობალური კომისია, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციაა და Amnesty International-ი სინგაპურის მთავრობას მოუწოდებდა, განაჩენის აღსრულება შეეჩერებინა.