თეგი: სინოდის სხდომა
როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები - დეკანოზი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილზე საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად", - აღნიშნავს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა. ტექსტში ვკითხულობთ: „მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). წმიდა სინოდის წევრების სახელით მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღები და თქვა: - ,,გამოვხატავთ თქვენ წინაშე შვილებრივ სიყვარულს და მადლობას თქვენი მამამთავრული ღვაწლისა და შრომისათვის, რომელიც გასწიეთ ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი აღორძინებისათვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ ურთულესი 45 წლის განმავლობაში თქვენი წინამძღოლობით და თქვენი სამოციქულო მსახურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ერის სულიერი მოქცევა მოხდა მეორედ. განსაკუთრებით გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ დღეს ყოველი ჩვენგანი მღვდელმთავრად თქვენი ხელდასხმულია, რაც უნიკალური შემთხვევაა როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას და თქვენი წინამძღოლობით საქართველოს გამთლიანებას და ჩვენი ერის ერთსულოვნებას“. შემდეგ მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ საკითხები სინოდისათვის წარსადგენად. სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან", და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის. წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი). განხილულ იქნა რიგ სასულიერო მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვის შესახებ საკითხის შესწავლა და მომზადება შემდეგი სინოდის სხდომაზე წარსადგენად დაევალა წმინდანთა კანონიზაციის მოსამზადებელ კომისიას. წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა. წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განჩინებაში.
ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რაც საეკლესიო თემებს ეხება. მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, რომ არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, „თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული.“ „დაზუსტებით, უკვე, როდესაც გამოქვეყნდება სინოდის განჩინება, იქ ვნახავთ განხილულ საკითხებს. ზოგადად გეტყვით, რა საკითხები იყო. არცერთი ის განცხადება, რაც აქამდე გაკეთდა, რომ თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე. ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ და მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. ასევე მიმოხილული იყო სიტუაცია იმ ეპარქიებში, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური საომარი ვითარება განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები, იყო რაც საეკლესიო თემებს ეხება,“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. გარდა ამისა, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პატრიარქის გადადგომის საკითხი არ დამდგარა. „განხილვა შეეხებოდა საერთაშორისო საკითხებს, ამ დიდ დაძაბულობას - უკრაინას, პალესტინას. მეტი არაფერი,“ - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა. განჩინებას საქართველოს საპატრიარქო ავრეცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ განსახილველი საკითხების წარსადგენად სიტყვა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პირველ საკითხად განავრცო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული თემა და ისაუბრა უკრაინასა და წმინდა მიწაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ. წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა: უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა. დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი. ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის. წმინდა სინოდმა დაადგინა: მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე. წმინდა სინოდმა განაჩინა: ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მღვდელმთავრებს, გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ. წმინდა სინოდმა მოისმინა ნიქოზისა და ცხინვალის და მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიმოხილვა ცხინვალისა და ახალგორის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მონაზვნებისა და მღვდელმსახურების მდგომარეობისა და ეკლესია-მონასტრების თაობაზე. უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე). სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებისადმი ზრუნვის საჭიროებაზე. მარგვეთისა და უბის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა უბისის მონასტერში არსებულ სიტუაციაზე. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ისაუბრა მომლოცველთა ჯგუფების ეპარქიებში ხატებით მსვლელობის პრაქტიკაზე, რასაც საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეისთვის უკვე გაცილებით ორგანიზებული და მასშტაბური სახე აქვს მიღებული. ითქვა ისიც, რომ ხატებით მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის უცხოეთის სამრევლოებშიც იგეგმება. სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ხაზი გაუსვა იმ დადებით შედეგებს, რაც გამოიღო თრუსოს ხეობაში მონასტრების ამოქმედებამ; კერძოდ, ხელი შეეწყო მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მსვლელობებს და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ეპარქიებშიც გვაქვს და ეს პროცესი უნდა წახალისდეს, რითაც გამოცოცხლდება მიტოვებული ხეობები და სოფლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს. მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც,“ - აღნიშნულია განჩინებაში. წმინდა სინოდის სხდომა 2 ნოემბერს გაიმართა.