თეგი: სისხლის სამართლის კოდექსი
ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს. ელჩის თქმით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. „ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ინფორმაციისთვის, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ მიიღეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები გახანგრძლივდა, დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიშვება, იზრდება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.