თეგი: სიღარიბე
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა
2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია ვიდრე დიდ ქალაქებში. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს. აბსოლუტური სიღარიბე განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აბსოლუტური სიღარიბე ხასიათდება საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის ნაკლებობით. რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ცნობით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-იან ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს.ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0.36-დან - 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.42-ს.2021 წელს მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა.
ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს. საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კ-ები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს. საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ. ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით? თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი. ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში. ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს. ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე? ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება. ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს. $9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი. ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია? რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე. ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას? აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.
საქართველოში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ მწვავე საკითხებია - NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევით, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ მწვავე საკითხებია. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
UNICEF-ი: ომის გამო რუსეთში 2022 წელს, ღარიბთა რაოდენობა რვა მილიონით გაიზრდება
რუსეთში, უკრაინაში ომის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 2022 წელს 8,3 მილიონზე მეტით გაიზრდება. მათგან თითქმის 2,9 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ანგარიშში, ომის შედეგების შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანაში მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა. ამ ქვეყნებში ღარიბთა რიცხვი, UNICEF-ის პროგნოზით, 10 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზრდება. მათგან ოთხი მილიონი ბავშვია. უკრაინაში, ფონდის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 472 000 ადამიანით გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ უკრაინის მშპ 2022 წელს 10%-ით შემცირდება. მეორე კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა. UNICEF-ი ასევე, ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდას და განათლების ხელმისაწვდომობის შემცირებას პროგნოზირებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. როსსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციასი 17,6 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის 12,1%-ის შემოსავალი 13 813 რუბლზე ნაკლებია.
საქართველოში, ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს - NDI
NDI-ის თანახმად, საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად, ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. კითხვაზე რა არის ის სამი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობთ, გამოკითხულთა 34%-დან (ვინც განაცხადა რომ ქვეყანაში თავს დაუცველად გრძნობს) ოთხი მიზეზი დაასახელა. გამოკითხულთა 39%, საქართველოში თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს. 35% ამის მიზეზად ინფლაციას ასახელებს, 34% უმუშევრობას და სამუშაო ადგილების ნაკლებობას, ხოლო 33% - კრიმინალს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად - სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, უმცირესობათა დასახლებებში ამის მიზეზად სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებენ. NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.
ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - ღარიბაშვილი
ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. „ბოლო ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან – თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან – საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ისტორიული მინიმუმი, როგორც უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია - NDI
ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფესებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი.კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ. გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კერძოდ, კითხვაზე, რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას., 35 პროცენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, 50 პროცენტი არ არის დარწმუნებული, 15-მა პროცენტმა კი არ იცის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ“, – აღნიშნულია კვლევაში. გამოკითხვის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, 82 პროცენტისთვის არ არის მოსალოდნელი, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის. კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა - "საქსტატი"
2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4 პროცენტი შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3 პროცენტი (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5 პროცენტი (-1.4 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8 პროცენტს შეადგენს. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.