თეგი: სიჩქარის გადაჭარბება
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. ცვლილებები ითვალისწინებს ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმას - თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება და გაზრდილი ჯარიმაც გამოეწერება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა. ამასთან, იზრდება ჯარიმებიც. კერძოდ, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე ფულადი სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე ჯარიმა - 150-ის 250 ლარი იქნება. ახალი კანონპროექტის მიხედვით: 10 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება; 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულა და 250 ლარიანი სანქცია იქნება. „ამავდროულად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას უფლებამოსილ პირის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს,“-ვკითხულობთ პროექტში.