თეგი: სონატა კოლტერი

რა საკითხები განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში ვიზიტისას

7 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თვის ბოლოს აშშ-დან კვლავ ელიან დელეგაციას, რომლის დროსაც, უფრო დეტალურად იქნება განხილული თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.“  მთავრობის ადმინისტრაციაში, სონატა კოლტერთან გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში. მისივე ცნობით, შეხვედრისას „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი „ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა.“ „შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.  „ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან,“ – აღნიშნა მინისტრმა. მოგვიანებით, 8 მაისს, ბოჭორიშვილმა კოლტერთან შეხვედრა საგარეო უწყებაში გამართა. „შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა ოპოზიციასთან 8 მაისს, კოლტერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ “ოპოზიციის ალიანსის” ლიდერები, ასევე, კოალიცია „ლელო/ძლიერი საქართველოს“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობები.” „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ კოლტერს გადასცა „ძალიან მკაფიო გზავნილი“, რომ „ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით.” თავის მხივ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლიასტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა.” კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ მედიას განუცხადა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-ის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. “ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, რომელთაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში.“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა კი განაცხადა: „კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც შეუძლებელია სტაბილურობაზე ვისაუბროთ. ის რომ სტაბილურობა აუცილებელია, ეს არის საქართველოს და აშშ-ის თანმხვედრი ინტერესები.” 6 მაისს, სონატა კოლტერი სომხეთში იმყოფებოდა. ერევანში ის შეხვდა პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩეველს ლილიტ მაკუნცს; სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს. „ორივე მხარემ კმაყოფილებით გავუსვით ხაზი ვაშინგტონის შეთანხმებებს და აღვნიშნეთ მათ ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის ხელშესახები შედეგები,“ - დაწერა გრიგორიანმა X-ზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტზე. „გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე,“ - აღნიშნა  გრიგორიანმა. კოულტერთან შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა ლილიტ მაკუნცმა და განაცხადა, რომ მასთან განიხილა „აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერების და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობების გაფართოების საკითხები.“ 6 მაისს სონატა კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში ვასილის მარაგოსს. ისაუბრეს კვირის დასაწყისში ერევანში გამართულ მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ სომხეთის „მდგრადობის, რეფორმებისა და დაკავშირებადობის მხარდაჭერაზე.“ „როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს“ - სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ვიზიტი