თეგი: სოსო ფხაკაძე
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი: ამ ეტაპზე, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი არ არსებობს
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ მისი თქმით, საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია და იმპორტიორებს, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. „სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ფასების კლებაც გამოდგა ძალიან ხანმოკლე და დღევანდელი მდგომარეობით, რეკორდულად მაღალი პლაცია. ნავთობიც სადღაც 113-114 დოლარზეა. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არავის არ გვაქვს, არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვმუშაობთ და ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, რაღაც ახალი დივერსიფიკაციის წყაროები ვიპოვოთ. თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ადგილობრივ ფასებზეც. ეს ცალსახად ასე იქნება, რამეთუ ამ დროს უფრო მეტია რეალიზაცია, უკმაყოფილო მომხმარებელიც ნაკლებია და საბრუნავი სახსრებზე მოთხოვნაც მცირდება მნიშვნელოვნად. ორი თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ათი დღეა, გამოიკვეთა რაღაც წყაროები. ახლა გვინდა, ამას ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არხი, თუ ამისი გამოყენება მოხერხდება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში, გაეცანით Europetime-ს სტატიას.
პირველი არხის შენობა 77 მილიონად „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა
პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად „ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ამის შესახებ BM.GE „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელ სოსო ფხაკაძეზე დაყრდნობით წერს. ფხაკაძის განცხადებით, ადგილზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აშენდება. „ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით“, - განუცხადა BM.GE-ს სოსო ფხაკაძემ. პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო.შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა. პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.
სოსო ფხაკაძე: ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ ან ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის იანვარი
"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს. „როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი "ოფციიდან" ერთ-ერთის არჩევა. პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას,“ - წერს ფხაკაძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)