თეგი: სოციალურად დაუცველი ადამიანები
232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - მთავრობის ანგარიში
2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში 10 არასრულწლოვანი. „2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1-ელი ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. ასევე, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2023 წლიდან ასევე, გაიზარდა სახელმწიფო პენსიების ოდენობა. „პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის − 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით“,- ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და საანგარიშო პერიოდში განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, ასევე, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.