თეგი: სოჭის პორტი
სოჭის პორტი სანქციების გამო, უცხოურ საკრუიზო გემებს ვეღარ მიიღებს
19 უცხოურმა საკრუიზო გემმა, რომლებმაც გასულ წელს მიმართეს სოჭის პორტს, უარი თქვეს კონტრაქტებზე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ სოჭის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, სოჭის ნავსადგურმა მთლიანად დაკარგა მოგება საერთაშორისო კრუიზებიდან, რაც მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას პრობლემას უქმნის. მაისში რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა, რომ უმსხვილესმა საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებმა Carnival Cruise Line, Princess Cruises და Costa Cruises და მათმა შვილობილმა კომპანიებმა რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე ტურების გაყიდვა შეაჩერეს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. უფრო ადრე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Tass-ს, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.