თეგი: სოხუმის აეროპორტი

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის - მედია

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორია და იქ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის.  აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში და მართვაში დარჩება.  მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „რუსეთის ფედერაციის ობიექტები" იყო აღნიშნული. მათ შორის, ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. „საინვესტიციო ობიექტებს“ მიეკუთვნება, კერძოდ, საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურის წინა მოედანი და ბენზინგასამართი პუნქტი, ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად“ მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტისას გაირკვა, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის პროექტის ინვესტორია - რუსეთის სამეწარმეო ჯგუფი „საბაზისო ელემენტი“. ჯგუფი შედგება კომპანიებისგან, რომლებსაც აკონტროლებს ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს-ინტერესების სფეროში. კომპანიების ძირითადი აქტივები, შედის „საბაზისო ელემენტში“, (Basic Element Ltd ) რომელიც კუნძულ ჯერსიზეა რეგისტრირებული. ჯგუფის აქტივები კონცენტრირებულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სხვა ეკონომიკის სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ოლეგ დერიპასკა აშშ-ს სანქციების სიაში 2018 წლიდან იყო. მისი სახელი მოხსენიებულია აშშ-ის დეპარტამენტების მრავალ პუბლიკაციასა და ოფიციალურ დოკუმენტში აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ, მაგრამ არ არის ცნობილი, რომ მას ოფიციალურად ბრალი წაუყენეს აშშ-ში. 2022 წლის თებერვალში ბიზნესმენმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მალე დაწყებისკენ მოუწოდა. 2022 წლის მარტის დასაწყისში მან კვლავ გაავრცელა განცხადება ომის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ის ევროკავშირის სანქციების სიაში მაინც მოხვდა. 2017 წელს დერიპასკამ მიიღო კვიპროსის მოქალაქეობა, მაგრამ 2022 წლის აპრილში, ევროკავშირის სანქციების სიაში ყოფნის გამო, მას კვიპროსის მოქალაქეობა ჩამოერთვა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და შესაბამისი ინფორმაცია დოკუმენტიდან 2006 წელს წაშალა.