თეგი: სოხუმის დაცემა
ევროპარლამენტარი: სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება
29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა. უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ფოტიგა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.