თეგი: სპეციალური ოპერაციების ძალები

სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერები სწავლებას ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე ოცეულმა ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ჩასაფრების, რეიდისა და მოწინააღმდეგის განადგურების კომპონენტებს მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სწავლებებს ინსტრუქტაჟს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უწევდნენ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ინსტრუქტორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.  

თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ძალების დელეგაცია იმყოფებდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ანდრე ევრარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე,  საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. მხარეებმა  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო  საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებსაც. საფრანგეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა  საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გაძლიერებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან თანამშრომლობის განვითარების მზაობა გამოხატეს. საქართველო და საფრანგეთი  თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამთო, საჰაერო  თავდაცვის, სამხედრო განათლების კუთხით მრავალი წელია ინტენსიურად თანამშრომლობენ.

სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა მომზადების კურსი გაიარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. „კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით მესამედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინა სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღნიშნავს

29 ივლისს უკრაინა სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღნიშნავს. სპეციალური ოპერაციების ძალების დღე პრეზიდენტის განკარგულებით, 2016 წლის 26 ივლისს დაწესდა. უკრაინული მედიის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში  აქტიურად ჩაერთნენ. კერძოდ, SOF-ის მებრძოლები ზმეინის კუნძულზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.